Thumbnail

'საქართველოდან ყოველდღე მკითხულობდნენ' - გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გენტის ქართველი ლეგიონერი 8-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა
  • 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მედიას შთაბეჭდილებები გაუზიარა

ბელგიის ჟუპილერლიგის მე-18 ტურში ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებული მოვლენა მოხდა - 8-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს საქართველოს ნაკრების 20 წლის ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა! ქართველი შემტევი ნახევარმცველი გენტი-ვარეგემის მატჩში (2:0) მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.

გიორგის გამოჩენას GHELAMCO არენაზე ფანები აპლოდისმენტებით შეხვდნენ

აი, რას წერს ბელგიური მედია:

"გენტი-ვარეგემის მატჩში ყველაზე დიდი აპლოდისმენტები ბოლო 15 წუთში, მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძის გამოჩენას მოყვა. მუხლის ტრავმის გამო, მას ნათამაშები 21 აპრილის შემდეგ არ ჰქონდა და ეს პრობლემა მას მანამდეც უშლიდა ხელს. როგორც ჩანს, მისთვის საშინელი წელიწადი მაინც პოზიტიურ ნოტაზე სრულდება", - წერს voetbalkrant, რომელიც გიორგის კომენტარსაც აქვეყნებს.

გიორგი ჩაკვეტაძე: "ძალიან მაგარია, როდესაც მოედანზე გასვლისა და თამაშის შესაძლებლობა ისევ გეძლევა. ფანებმაც ძალიან გულთბილად მიმიღეს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ბოლო თვეებში მხარში მედგა. მინდა გავაგრძელო მუშაობა, რათა 2020 წელს სრულებით მომზადებული შევხვდე".

📺 GHELAMCO არენის რეაქცია გიორგი გამოჩენაზე

hln.be კი წერს, რომ მოედანზე გატარებულ სულ რაღაც 15 წუთში, ჩაკვეტაძეს გოლის გატანისა და საგოლე პასის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა, გიორგისთვის ეს არ იყო მთავარი:

გიორგი ჩაკვეტაძე: "...მაგრამ ეს საღამო ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მხოლოდ შედეგიანი მოქმედება. რაც მთავარია, მუხლს ოდნავადაც არ შევუწუხებივარ და ფეხზე თამამად ვიდექი. ახლა თამაში მჭირდება, რათა ოპტიმალური ფორმა დავიბრუნო".

მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძე გენტის სამატჩო შემადგენლობაში ბოლო მომენტში მოხვდა. მწვრთნელის გადაწყვეტილება გიორგისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო:   

გიორგი ჩაკვეტაძე: "შოკირებული ვიყავი, როდესაც საკუთარი გვარი შემადგენლობაში ვერ ვიპოვე, მაგრამ მატჩის წინ ბოლო ვარჯიშის დროს მწვრთნელმა მითხრა, რომ მოედანზე გასასვლელად უნდა მოვმზადებულიყავი".

20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებამ გაახარა

რა თქმა უნდა, გიორგის მოედანზე დაბრუნებას ყველაზე მეტად საქართველოში ელოდნენ. 

გიორგი ჩაკვეტაძე: "ტელეფონი შემოსული შეტყობინებებისგან ვიბრირებდა. საქართველოდან ადამიანები ყოველდღე მეკითხებოდნენ, როდის დავბრუნდებოდი".

ბელგიის ჟუპილერლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდს 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ბრიუგეს (42 ქულა) ჩამორჩება. მომდევნო ტურში გენტი, 15 დეკემბერს, სტუმრად ოსტენდეს ეთამაშება, იქამდე კი, 13 დეკემბერს,  ევროპალიგის მატჩი უწევს შინ უკრაინულ ოლეკსანდრიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები