Thumbnail

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ხუვენტუტს 87:86 სძლია, 28 წლის ქართველი კალათბურთელი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

საინტერესოა, რომ ბასკურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 25:9 მოიგო და თითქოს, შეხვედრის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა, თუმცა, დარჩენილ დროში თამაშის სადავეები ხელიდან გაექცა და საბოლოოდ, მინიმალური უპირატესობითღა მოიგო.

მეტიც, მატჩის უკანასკნელ წუთზე ბასკონია 2 ქულით აგებდა, როდესაც სწორედ გუნდის ქართველმა კაპიტანმა გაიბრწყინა. მან ზუსტი სამქულიანით მასპინძლები წინ გაიყვანა, შემდეგ კი, სტუმართა მიერ აცილებული ბურთი მოხსნა და ბასკონიას სეზონში მე-6 გამარჯვება მოუტანა.

თორნიკე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31:12 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ქართველმა ლეგიონერმა 7-დან 5 ორქულიანი, სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

შედეგიანად გაისარჯა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგიც, რომელმაც 26:38 წუთში 16 ქულა ჩააგდო. მან 5 სამქულიანი და საჯარიმო მიითვალა.

ბასკონიას 6-6 მოგება-წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ვალენსიასთან, ბექა ბურჯანაძის გრან კანარიასთანა და უნიკახასთან ერთად, მერვე-მეთერთეტე ადგილებს ინაწილებს.

შენგელიას გუნდს მომდევნო მატჩი 15 დეკემბერს, სტუმრად, მურსიასთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები