Thumbnail

წაშლილი პოსტი და შსს-ს განცხადება - ძიუდოისტს ხულიგნობას ედავებიან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლაშა ბექაური ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
  • შსს-მ 19 წლის ძიუდოისტის საქმეზე განმარტება გააკეთა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძიუდოისტ ლაშა ბექაურს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. ბოლო ინფორმაციით, 19 წლის ტიტულოვანი ძიუდოისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ლაშამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ქართული პოლიციის მიერ მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობდა, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა. 

“ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს” - განუცხადა შსს-მ ინტერპრესნიუსს.

"გაუგებრობა იყო, ნუღარაფერს მკითხავთ... ნუ მისვამთ კითხვებს... არაფერი აღარ მიწერია, წაშლილია ყველაფერი... მეც კარგად ვარ, არაფერი არ მომხდარა", - ეს კომენტარი 19 წლის სპორტსმენმა TV პირველის ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა და კითხვებზე არ უპასუხა.

დაახლოებით ერთ საათში, ლაშა ბექაურმა ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტი წაშალა, თუმცა პოპსპორტმა პოსტის 'სქრინები' შეინახა:

ლაშა ბექაურმა ეს პოსტი გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში წაშალა

შსს-ს განცხადების პარალელურად, გავრცელდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ძიუდოისტად მიიჩნევა და მას ახალგაზრდულ დონეზე, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მოგებული.

ლაშას აქტივშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები, როგორც - კადეტებში, ასევე იუნიორებს შორის. ლაშამ წლეულს ძალები უფროსთა შორისაც სცადა და ალსტერისა და კლუჟის ევროპის თასებზე პირველობა არავის დაუთმო.

ბექაური ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში უკვე 36-ე ადგილზე იმყოფება, რამაც მას 2019 წლის მასტერსის საგზური მოუტანა. ჩინურ ცინდაოში დაგეგმილი შეჯიბრი სტარტს 12 დეკემბერს აიღებს, ლაშა კი ტრადიციულად 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები