Thumbnail

'გინება და ცემა დამიწყეს, გვკიდია შენი ძიუდოო' - ბექაურის სკანდალური განცხადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლაშა ბექაურის საგანგაშო პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა
  • ქართველი ძიუდოისტი ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა

19 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, არაერთი ტიტულის მფლობელი გახლავთ, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

UPDATEწაშლილი პოსტი და შსს-ს განცხადება - ძიუდოისტს ხულიგნობას ედავებიან

ლაშამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ქართული პოლიციის მიერ მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს.

ბექაურის განცხადებით, ის გუშინ საღამოს მარჯანიშვილზე სამმა პოლიციელმა გააჩერა, მანქანაში ჩასვა და ცემა დაუწყო.

სახელოვანი ქართველი ძიუდოისტის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა...

ისტორია ძალიან სკანდალური და მძიმე მოსასმენია. ბექაურის სრული პოსტის წაკითხვა აქვე შეგიძლიათ, მცირე ამონარიდები კი ასე გამოიყურება.

"მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა და მითხრეს გამოგვყევიო. მე ვუთხარი, მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებით-თქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ. ჩამტენეს მანქანაში, ასე რომ ვთქვათ და დაიწყეს, შენ არ იცი, როგორ უნდა გველაპარაკოო, შენ კუნთები გერჩისო, როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს...

მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი. არ მეგონა, ესე თუ მოიქცეოდნენ. მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში, მივალთ და ალბათ, როგორც კანონს შეეფერება. ამათი კანონების დედაც... ისე მოიქცევიან-თქო და რას ვხედავ, დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები...

მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს. უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში. ვიფიქრე, ვინმე შეგნებული გამოვა-თქო და დაველაპარაკები ნორმალურად ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ? გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო...

ვესაუბრებოდი ქართველობაზე, კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო, შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო, მერე შემათრიეს სადღაც ოთახში, მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა...

ერთი სატანის სახიანი შემოვარდა, მერე ვინაა ესო, რა პანიკებშიაო, მაგინებდა ისიც, ტატამზე ხო არ გონია თავიო და იარაღი ამოიღო. კუნთებით თუ ვერაო, აი, იარაღი აქ მაქო და ბლატაობდა. მეთქი, ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვი-თქო. ეს რომ ვუთხარი, მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ, ისევ და ისევ მე იმაზე ვნერვიულობდი, რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლო-თქო...

მინდოდა გცოდნოდათ და გაგეგოთ, რა ნაბიჭვრები არიან ესენი, როგორც შევძელი, გადმოგეცით ეს ამბავი გუშინდელი... ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები, კიდევ ერთხელ ჩემი სამშობლო და ხალხი, რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ქვია, ის გავახარო... და ამას ესე არ დავტოვებ...".

დაახლოებით ერთ საათში, ლაშა ბექაურმა ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტი წაშალა, თუმცა პოპსპორტმა პოსტის 'სქრინები' შეინახა:

ლაშა ბექაურმა ეს პოსტი გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთ საათში წაშალა

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ძიუდოისტად მიიჩნევა და მას ახალგაზრდულ დონეზე, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მოგებული.

ლაშას აქტივშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები, როგორც - კადეტებში, ასევე იუნიორებს შორის. ლაშამ წლეულს ძალები უფროსთა შორისაც სცადა და ალსტერისა და კლუჟის ევროპის თასებზე პირველობა არავის დაუთმო.

ბექაური ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში უკვე 36-ე ადგილზე იმყოფება, რამაც მას 2019 წლის მასტერსის საგზური მოუტანა. ჩინურ ცინდაოში დაგეგმილი შეჯიბრი სტარტს 12 დეკემბერს აიღებს, ლაშა კი ტრადიციულად 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები