Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი რასისტი ფანის დასჯას აპირებს
  • დერბიში მომხდარის გამო ყველა აღშფოთებულია

მანჩესტერ სიტი ძალიან მკაცრად დასჯის გულშემატკივარს, რომელიც შაბათს, მანჩესტერულ დერბიში რასისტული საქციელით გამოირჩა. ხოსეპ გვარდიოლას კლუბის დღევანდელ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბს ნულოვანი ტოლერანტობის სტრატეგია აქვს რასისტულად განწყობილი ფანების მიმართ და გულშემატკივარი, რომლის შესახებაც დერბის შემდეგ ყველა ლაპარაკობს, უმკაცრესად დაისჯება - მას სტადიონზე აღარასოდეს შეუშვებენ.

მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელ ფრედს ტრიბუნიდან საგანი მოარტყეს, როდესაც ეს უკანასკნელი კუთხურის ჩაწოდებას აპირებდა. გარდა ამისა, მას სიტის ქომაგი მაიმუნისთვის დამახასიათებელი მოძრაობებით რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდა. სიტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბი პოლიციასთან ითანამშრომლებს, რათა დამნაშავე დაისაჯოს.

“ის, რაც ფრედთან დაკავშირებით მოხდა, მანჩესტერ სიტის ბრალი არ არის. ეს მხოლოდ იმ ფანის ბრალია, - განაცხადა დერბის შემდეგ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა, - კამერებმა დააფიქსირეს, რომელი ფანი იქცეოდა ასე და ის სტადიონზე აღარასოდეს უნდა შეუშვან. მისი საქციელი ყველასათვის მიუღებელია.”

“სამწუხაროდ, ჩვენ ჩამორჩენილ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ნამდვილი სირცხვილია ის, რომ 2019 წელს რასიზმის პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად და სხვადასხვა სტადიონებზე ფიქსირდება,” - ეს თვითონ ფრედის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები