Thumbnail

30 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში შეუჩერებელია. შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ მურსიას 85:78 სძლია, გიო კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და დიდია შანსი, სრულიად მე-12 ტურის უძვირფასესი მოთამაშეც (MVP) გახდეს.

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 30:16 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.

შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა და ცხადია, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ტენერიფელებს 7 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში შერმადინის ყოფილ კლუბ მორაბანკ ანდორასთან ერთად, მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.

ქართველი ლეგიონერის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს, სტუმრად, სწორედ ანდორელებთან ჩაატარებენ.

წარუმატებელი მატჩი ჰქონდა ბექა ბურჯანაძის გრან კანარიას, რომელიც მალაგას სტუმრობდა და უნიკახასთან 76:79 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14:53 წუთი გაატარა და 3 ქულა და 4 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა.

ბექამ თამაშიდან 4-ვე სროლა ააცილა, 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

გრან კანარია 6-6 მოგება-წაგებით მე-9 პოზიციაზე დამკვიდრდა, მომდევნო შეხვედრა კი 15 დეკემბერს, შინ, ობრადოიროსთან ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები