Thumbnail

ნაკრებს მნიშვნელოვანი თამაშები ელოდება! ინტერვიუ დუდა სანაძესთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ექსკლუზიური ინტერვიუ დუდა სანაძესთან.
  • სანაძე ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.
  • 25 წლის კალათბურთელი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებისთვის ემზადება. 23 თებერვალს ილიას ზუროსის გუნდი ავსტრიას ესტუმრება, ხოლო 25 თებერვალს გერმანიას უმასპინძლებს. ნაკრებს არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლია, მათ შორის დუდა სანაძე, რომელიც ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესი და როგორია მისი სამომავლო გეგმები? - ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ...

POPSPORT: პირველ რიგში, ყველას გვაინტერესებს თუ როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პერიოდი?

სანაძე: უკვე 3 თვეა, რაც სარეაბილიტაციო პერიოდს გავდივარ და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ექიმები მეუბნებიან, გეგმას ორი თვით ვუსწრებ და ეს ძალიან მახარებს. ორ თვეში აქტიურ ვარჯიშს დავიწყებ, მაისიდან კი თამაში შემეძლება.

POPSPORT: სარეაბილიტაციო პერიოდს თბილისში გაივლით?

სანაძე: სარეაბილიტაციო პერიოდის პირველი თვე იტალიაში გავატარე, ბოლო ორი თვეა საქართველოში ვემზადები. აქ კიდევ ერთ თვეს დავრჩები, შემდეგ კი ბელგიაში წავალ, სადაც კურსის დასკვნითი ეტაპი უნდა გავიარო. 

ორ თვეში აქტიურ ვარჯიშს დავიწყებ, მაისიდან კი თამაში შემეძლება

POPSPORT: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შესუსტებული შემადგენლობით ემზადება. როგორი მოლოდინი გაქვთ?

სანაძე: ნაკრების ვარჯიშს დავესწარი და ბიჭებიც ვნახე. ყველა მონდომებულია და მაქსიმუმს აკეთებენ. თუმცა, ორ-სამ დღეში ძალიან რთულია, რომ გუნდი შეთამაშდეს და საუკეთესო თამაში აჩვენოს. ევრობასკეტის წინ მთელი მთელი ზაფხული ვემზადებოდით, რადგან სხვაგვარად რთულია გუნდმა მაღალი დონის კალათბურთი ითამაშოს. იმედია, ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ და შედეგიც დადებითი იქნება.

POPSPORT: ამ რეალობით, რამდენად დიდია შანსი, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეს?

სანაძე: მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ და გულშემატკივარს გავახარებთ. წინ ორი მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა, როდესაც დასკვნით ორ შეხვედრას ჩავატარებთ. იმედია, ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება, ნაკრებში საუკეთესო მოთამაშეები ჩამოვლენ და სასურველ შედეგსაც მივაღწევთ. ივნის-ივლისში ავსტრიასთან და სერბეთთან საშინაო შეხვედრები გველოდება, სადაც დადებითი შედეგი უნდა ვაჩვენოთ.

ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა, როდესაც სერბეთთან და ავსტრიასთან დასკვნით ორ შეხვედრას ჩავატარებთ

POPSPORT: საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ილიას ზუროსს დიდ ხანს ესაუბრეთ...

სანაძე: ზუროსი ძალიან ყურადღებიანი მწვრთნელია და ტელეფონითაც ხშირად ვსაუბრობთ. სარეაბილიტაციო კურსით დაინტერესდა და ტრავმის ამბავი გამომკითხა. იტალიური შთაბეჭდილებებიც აინტერესებდა და ბუნებრივია, ნაკრებზეც ვისაუბრეთ. მითხრა, რომ მწვრთნელისთვის ძალიან რთულია ასეთ მოკლე პერიოდში იდეები მოთამაშეებამდე მიიტანოს და ეს ყველაფერი თამაშზე აისახოს. თუმცა, ისიც დაამატა, რომ ბიჭები ვარჯიშიდან ვარჯიშამდე უმატებენ და ეს მომავლის იმედს იძლევა. ამ შეხვედრებში ახალგაზრდა მოთამაშეები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ, რაც მომავალში ისევ ეროვნულ ნაკრებს გამოადგება.

POPSPORT: გასული სეზონი პისტოიაში გაატარეთ. როგორია იტალიური შთაბეჭდილებები?

სანაძე: იტალიის ჩემპიონატი იმაზე მაღალი დონის აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ჩემი აზრით, იტალიის ჩემპიონატი ესპანეთის პირველობას არაფრით ჩამოუვარდება. მართალია, ჩემ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამის გამო, სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მთლიანობაში, იტალიაში გატარებული პერიოდი ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩემი სამომავლო გეგმები სწორედ იტალიას უკავშირდება.

POPSPORT: ტრავმის მოშუშების შემდეგ, ისევ პისტოიაში აპირებთ დაბრუნებას?

სანაძე: არა, პისტოიას უკვე დავემშვიდობე და იქ აღარ დავბრუნდები, თუმცა ჩემი მიზანი ისევ იტალიის ჩემპიონატში თამაშია. ივნისამდე სარეაბილიტაციო კურსს გავივლი, შემდეგ კი სასურველ გუნდს შევარჩევ. კონკრეტულ გუნდს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩემს მიმართ არის ინტერესი და იტალიიდან ხშირად მეხმიანებიან. ამიტომ, ჩემს მომავალს სერია A-ში ვხედავ.

კომენტარები

ბოლო ამბები