Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 103:104 ინდიანა პეისერსი
  • გოგა ბითაძეს ამჯერად მეტი სათამაშო დრო მიეცა
  • საუკეთესოები უორენი და საბონისი იყვნენ

გოგა ბითაძეს NBA-ში სათამაშო დრო მოემატა. 20 წლის ქართველი ცენტრის გუნდმა, ინდიანა პეისერსმა აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი ნიუ იორკ ნიქსი სტუმრად დაძაბულ მატჩში, 1 ქულის სხვაობით, 104:103 დაამარცხა და გოგამ ამ შეხვედრაში 9 წუთი ითამაშა.

ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ჯამში 9 კალათბურთელი დატვირთა - ბითაძე მათ შორის ერთადერთია, ვინც ქულის ჩაგდება ვერ შეძლო (1 მცდელობა ჰქონდა, სამქულიანი ესროლა). გოგას აქტივში ორი მოხსნაა - ორივე დაცვაში. ბითაძეს +/- კოეფიციენტი -7 გამოუვიდა. 

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის მომენტები ნიუ იორკ ნიქსთან

ნიუ იორკ ნიქსი ამ სეზონში პირველად თამაშობდა გათავისუფლებული მწვრთნელის, დევიდ ფიზდეილის გარეშე და როგორც ჩანს, მისი გაშვება სწორი ნაბიჯი იყო, რადგან გუნდი რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ პირველად იყო თამაშში ბოლომდე.

მეტიც: ნიქსს პეისერსის დამარცხებაც შეეძლო, მაგრამ საფინალო სირენამდე 0,1 წამით ადრე, ჯულიუს რენდლმა ვერ ჩააგდო. საბოლოო ჯამში, ნიუ იორკელთა დროებითი მწვრთნელის, მაიკ მილერის დებიუტი დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან გუნდი გაცილებით უკეთ თამაშობდა, ვიდრე წინა მატჩებში. 

გოგა ბითაძის თანაგუნდელებიდან ყველაზე პროდუქტიულები უორენი (25 ქულა) და საბონისი (19 ქულა, 15 მოხსნა) იყვნენ. დუგ მაკდერმოტმა 16 ქულა ჩააგდო.

ინდიანას 23 მატჩიდან 15 მოგება და 18 ქულა აქვს - პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს, საკუთარ დარბაზში, ლოს ანჯელეს კლიპერსთან გამართავს.

📺 ვიდეო: ნიუ იორკ ნიქსი 103:104 ინდიანა პეისერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები