Thumbnail
  • კატალონიური და ტურინული კლუბები ნახევარმცველების გაცვლას აპირებენ
  • გეგმის თანახმად, ივან რაკიტიჩი იტალიაში უნდა წავიდეს, ემრე ჯანი - ესპანეთში

კატალონიური ბარსელონა და ტურინის იუვენტუსი ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბებმა განაახლეს მოლაპარაკება, რომლის თანახმად, ესპანეთიდან იტალიაში ივან რაკიტიჩი გადაბარგება იგეგმება, საპირისპირო მხარეს კი - ემრე ჯანის.

თუკი კატალონიური და ტურინული კლუბები შეთანხმდებიან, გაცვლას ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე უნდა ველოდოთ.

ბარსელონას 31 წლის ხორვატი ნახევარმცველის საბაზრო ფასი 35 მილიონი ევროთი განისაზღვრება. ივან რაკიტიჩს, რომელიც ბარსაში 2014 წლიდან თამაშობს, კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა საკლუბო დონეზე 13 მატჩში ითამაშა და 1 საგოლე პასით გამოირჩა. 

ბარსელონიდან ხორვატის მოსალოდნელ წასვლაზე საუბარი ახლა არ დაწყებულა. მანამდე რაკიტიჩს სხვა იტალიურ კლუბებს - ინტერსა და მილანსაც უკავშირებდნენ. ცნობილია, რომ თუკი ბარსელონა რაკიტიჩთან გამომშვიდობებას იანვარშივე გადაწყვეტს, ნახევარმცველი უარს არც მადრიდის ატლეტიკოსა თუ სევილიას შეთავაზებაზე იტყვის. 

ემრე ჯანი უთამაშებლობის გამო ტურინული კლუბის დატოვებაზე ფიქრობს

რაც შეეხება ემრე ჯანს, რომელიც ტურინში გასული წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით აღმოჩნდა, დღეს 25 წლის გერმანელის სავარაუდო ფასად 33 მილიონი ევრო სახელდება. ფეხბურთელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა არასაკმარისი სათამაშო დროს გამო კლუბის დატოვებით დაინტერესებულია. მაურიციო სარი ნახევარმცველს ნდობას დიდად არ უცხადებს - მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე მან სულ 6 მატჩში ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

ცნობილია, რომ ემრე ჯანის გადაბირებით ასევე ინტერესდებიან პარი სენ-ჟერმენი და დორტმუნდის ბორუსია.

კომენტარები

ბოლო ამბები