Thumbnail
  • ბასკონია 77:102 ანადოლუ ეფესი
  • ქართველი ფორვარდი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო

ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, ესპანური ბასკონია დიდი ანგარიშით მარცხისგან ვერ იხსნა.

თოკოს გუნდი შინაურ კედლებში ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ ანადოლუ ეფესს დაუხვდა, პირველი ტაიმი 20 ქულით (35:55) წააგო და თამაშში გარდატეხის შეტანა ვერც დარჩენილ დროში მოახერხა - 77:102.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 35:44 წუთი გაატარა, რაც ორივე გუნდის რიგებში უმეტესი მაჩვენებელი იყო.

თორნიკეს საბოლოო მონაგარი 20 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა იყო. ქართველმა ლეგიონერმა 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ეს, ბასკონიელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

აშკარად არ წაუვიდა თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ მეტ ჯენინგს, რომელმაც 12:12 წუთში სამივე სამქულიანი ააცილა და მოედანი უქულოდ დატოვა.

ესპანური გუნდის მხრიდან 16-16 ქულა მიითვალეს ნიკ სტაუსკასმა და შევონ შილდსმა, ანადოლუ ეფესის მხრიდან კი კვლავაც შეუდარებელი იყო ბასკონიას ყოფილი წევრი შეინ ლარკინი, რომელმაც გასულ ტურში მიუნხენის ბაიერნთან 49 ქულა მიითვალა, ამჯერად კი, 24 ქულას 8 პასი წაამატა.

ბასკონიას 5 მოგება და 7 წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეცხრე-მეცამეტე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 12 დეკემბერს, ბელგრადში, სწორედ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ ცრვენა ზვეზდასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები