Thumbnail

PREVIEW | იმობილე იუვენტუსს ემუქრება - ლაციო შინ განსაკუთრებით საშიშია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 📅 7 დეკემბერი | ⌚ 23:45 | ⚽ ლაციო V იუვენტუსი
  • სერია A-ს მე-15 ტურის გამორჩეული მატჩი რომში გაიმართება
  • იუვენტუსმა წინა ტურში ლიდერობა დაკარგა და მოტივირებულია
  • ლაციო იტალიურ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამტანი გუნდია  

სერია A-ს მე-15 ტურის გამორჩეული მატჩი რომში გაიმართება, სადაც ადგილობრივი ლაციო მოქმედ ჩემპიონს მიიღებს. ამ დროისთვის ცხრილში იუვენტუსი მეორეა, ხოლო ლაციო - მესამე. 

მაურიციო სარისა და სიმონე ინძაგის გუნდებს დაპირისპირება დეკემბერში ორჯერ უწევთ. "ოლიმპიკოზე" შაბათს გასამართი მატჩი ერთგვარი რეპეტიაცია იქნება იტალიის სუპერთასისთვის, რომელიც 22 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედალაქშია დაგეგმილი.

ლაციო

სიმონე ინძაგის გუნდს იტალიის ჩემპიონატში სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული არ წაუგია. ბოლო 9 შეხვედრაში რომაელებმა ფრედ ორჯერ ითამაშეს, დანარჩენი 7 კი მოიგეს, აქედან 6 - ზედიზედ. ასეთმა სპურტმა ლაციოს 30 ქულის დაგროვებისა და ცხრილში "სუფთა" მესამე ადგილზე დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა.

ჩირო იმობილემ სერია A-ს 14 მატჩში უკვე 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა

ლაციოს გატანა ეხერხება, მისი მთავარი იარაღი კი თავდამსხმელი ჩირო იმობილეა, რომელსაც თავის დროზე, 18 წლისას, იუვენტუსის მაისურითაც უთამაშია (3 მატჩი სერია A-ში). მიმდინარე ჩემპიონატში "არწივების" 33 გოლიდან 17 სწორედ იმობილემ შეაგდო (6 პენალტიდან) და ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. თანაც, 29 წლის თავდამსხმელი გუნდის ბოლო ცხრავე შეხვედრაში გამოირჩა - ამ მონაკვეთში მის ანგარიშზე 13 გოლი და 4 საგოლე პასი იყო.

ლაციოს ლაზარეთში 4 ფეხბურთელი ჰყავს - ადამ მარუშიჩი, ვალონ ბერიშა, პატრისიო გაბარონი და ჯორდან ლუკაკუ. 

იუვენტუსი

მაურიციო სარის გუნდმა წინა, მე-14 ტურში შინ სასუოლოსთან ვერ მოიგო (2:2) და მიმდინარე სეზონში (ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც) პირველად მოხდა, რომ საკუთარ კედლებში 3 ქულა ვერ მოიპოვა. ტურინელთა შეცდომით უმალ ისარგებლა მთავარმა კონკურენტმა - ინტერმა თავისი თამაში მოიგო და იუვენტუსს ცხრილში ლიდერობა დაათმობინა.

რონალდომ ოქროს ბურთი ვერ მოიგო, მაგრამ სამაგიეროდ ჯილდოები იტალიაში მიიღო

რომში თამაშის წინ მაურიციო სარიმ იმედი გამოთქვა, რომ წინა ტურისგან განსხვავებით, მისი გუნდი სათანადოდ მოტივირებული იქნება და 3 ქულასაც მოიპოვებს.

"ეს სატურნირო ცხრილის ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი თამაშია და იმედი მაქვს, ჩემი გუნდი მას მოტივირებული ხვდება. მეტოქე ძალიან ძლიერი და სახიფათო გუნდია, რომელსაც გატანა ეხერხება და ამიტომ, კართან ახლოს არ უნდა მოვუშვათ. ლაციო შეგვიტევს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ თამაშის გაკონტროლება".

სარის ტრავმირებული მეტოქეზე მრავლად ჰყავს. ტურინელებს ვერ ეხმარებიან ჯორჯო კიელინი, სამი ხედირა, დუგლას კოშტა, აარონ რემსი. კითხვის ნიშნის ქვეშაა ადრიენ რაბიოს თამაში.

📷 ტურინელთა მზადება რომაული მატჩისთვის

საინტერესო ფაქტები

⚽ სერია A-ში ამ გუნდების ბოლო 10 მატჩში 9-ჯერ იუვენტუსმა მოიგო და მხოლოდ ერთხელ ლაციომ. გასულ სეზონში ტურინელებმა მეტოქეს ორივეჯერ აჯობეს - შინ 2:0, სტურმად 2:1.

⚽ იტალიის ჩემპიონატში ლაციოს რომში იუვენტუსისთვის 2003 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია. ის მატჩი კი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

⚽ ლაციოს იუვენტუსისთვის ჩემპიონატის ბოლო 11 საშინაო მატჩში არცერთხელ გაუტანია 1 გოლზე მეტი.

⚽  ლაციო ფორმაშია - რომაელები იტანენ (33 გოლი სერია A-ში მეორე საუკეთესო შედეგია) და ცოტას (14) უშვებენ. ნაკლები ლიგაში მხოლოდ ინტერსა და იუვეს აქვთ.

⚽ სიმონე ინძაგის გუნდის მონაწილეობით იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.
 
⚽ რომაელებს სერია A-ს ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ჯერ არ წაუგიათ. 7 მატჩიდან 5 მოიგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს.

⚽ რომის ლაციო იტალიის ჩემპიონატში საშინაო მატჩებში ყველაზე მეტს იტანს - საშუალოდ 3 გოლი თამაშში.

⚽ იუვენტუსი კვლავაც რჩება ერთადერთ გუნდად ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში, რომელსაც ამ სეზონში ოფიციალური მატჩში არ წაუგია (15 მოგება, 4 ფრე).

⚽ იუვენტუსის დაცვა სერია A-ს ამ სეზონში მთლად საიმედო არ არის - მაურიციო სარის გუნდმა გოლი ბოლო 8 მატჩიდან 7-ში მიიღო.

⚽ იუვენტუსის თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ლაციოს წინააღმდეგ კარიერაში 11 მატჩში ითამაშა და 10 გატანილი გოლით გამოირჩა.

რომის ოლიმპიურ სტადიონზე უხვგოლიანი მატჩია მოსალოდნელი

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ლუის ფელიპე, აჩერბი, რადუ - ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, ლულიჩი - კორეა, იმობილე.

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი - დიბალა, რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები