Thumbnail

‘ნესტასგან ბევრი რამ ვისწავლე’ - ბონუჩიმ მილანში ტრანსფერზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ ყოველთვის ალესანდრო ნესტას ბაძავდა
  • იუვენტუსის მცველმა მილანში გატარებულ ერთ სეზონზეც ისაუბრა

იტალიის ნაკრებისა და ტურინის იუვენტისის მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ მისთვის მისაბაძი მაგალითი ალესანდრო ნესტა იყო და აღნიშნა, რომ ლაციოსა და მილანის ლეგენდისგან ბევრი რამ ისწავლა.

“ნესტას თამაშებს არ ვტოვებდი და უფრო მეტიც: მის ვიდეოებს ცალკე ვუყურებდი. ვფიქრობ, მასაც ისეთივე პლუსები ჰქონდა, რაც მე მაქვს,” - განაცხადა 32 წლის ბონუჩიმ იუვენტუსის სტადიონზე გამართულ ივენთზე.

იუვეს მცველი ამბობს, რომ ნესტას თამაშის სტილი დეტალურად შეისწავლა და სწორედ მას ბაძავდა: “ჩემთვის ალესანდრო ნესტა საუკეთესო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა თამაშობდეს ცენტრალური მცველი. შესაბამისად, მას მერე, რაც გადაწყდა, რომ დაცვის ცენტრში უნდა მეთამაშა, მას ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი.”

ელეგანტური იტალიელი მცველი

ბევრი ფიქრობს, რომ ნესტა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ასე, განსაკუთრებით იტალიაში ფიქრობენ, სადაც კარგი მცველი ნამდვილად არ უკვირთ. ერთი რამ ცხადია: ნესტა ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტურად მოთამაშე ცენტრალური მცველი იყო მათ შორის, ვინც ბოლო 20-30 წელიწადში გვინახავს.

ალესანდრო ნესტა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა

ნესტა საფეხბურთო სამყარომ რომის ლაციოდან გაიცნო, სადაც მან 1993-დან 2002 წლამდე 193 მატჩი ჩაატარა. ალესანდრო ლაციალეს კაპიტანი და კლუბის გულშემატკივრების უსაყვარლესი ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა ლაციო მაინც დატოვა და კარიერა მილანში გააგრძელა. სწორედ “როსონერიში” მოიპოვა მან კარიერის უმთავრესი ტიტულები - ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ იტალიის სერია A.

2006 წელს ნესტა იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ოღონდ, მუნდიალზე მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მესამე მატჩში, ჩეხეთთან, მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო და ტურნირის ბოლომდე აღარ უთამაშია.

ბონუჩიმ მილანში ერთი სეზონი გაატარა და გუნდის კაპიტანი იყო

ბონუჩიმ ასევე გულახდილად ისაუბრა მილანში გატარებულ ერთ სეზონზე. შეგახსენებთ, რომ ლეონარდო როსონერიში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და იქ ერთი წელი ითამაშა, მერე კი ისევ ტურინში დაბრუნდა.

“ორი წლის წინანდელმა ლეონარდომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, დღეს კი ასე აღარ მოიქცეოდა. მილანში გადასვლა ჩემს შანსად მიმაჩნდა, მაგრამ როგორც ჩანს, საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრი ავიღე,” - აღნიშნა ბონუჩიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები