Thumbnail

‘უფრო ძლიერი ვბრუნდები’ – ჩაკვეტაძე 15-20 წუთის სათამაშოდ მზადაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ მძიმე ტრავმა მოიშუშა და არის შანსი, მინდორზე ბელგიის ჩემპიონატის მომდევნო ტურშივე გამოჩნდეს.

ჩაკვეტაძის გენტს ზულტე-ვარეგემთან საშინაო დაპირისპირება 7 დეკემბერს ელის და წინასწარი ინფორმაციით, 20 წლის ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა განაცხადში იქნება.

“უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და ვგრძნობ, რომ თამაშიც შემიძლია. ცხადია, პირდაპირ 90 წუთს ვერ გავუძლებ, თუმცა, 15-20 წუთი ნამდვილად გავქაჩავ.

მთავარია, რომ ჩემთვის ურთულესი პერიოდი გადავიტანე. მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ახლა მენტალურად კარგად ვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნდები, ვიდრე – ადრე.

ჩვენს საშინაო გელამკო არენაზე გასვლას მოუთმენლად ველი და მინდა გენტსაც მადლობა გადავუხადო. რთულ პერიოდში გუნდი გვერდში დამოდგა და ახალი კონტრაქტის გაფორმებაც შემომთავაზა”, - განუცხადა ჩაკვეტაძემ Voetbalnieuws-ს.

ქართველი ტალანტის ტრავმასთან დაკავშირებული ამბები ბელგიური გუნდის ექიმმა ლუკ ვალდენ ბოსხემაც გაიხსენა. აი, რა უთხრა მან Voetbalkrant-ს.

“გიორგიმ მუხლი ჯერ კიდევ შარშან სენტ ტრიუდენთან მატჩში დაიშავა. მაშინ საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა. არ გვინდოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიგვეღო, თუმცა, სერიოზული არაფერი დადგინდა და მინდორზე დაბრუნების უფლება მივეცით.

საჭირო იყო თუ არა ოპერაცია? დიახ, რადგანაც მეორედ გარისკვის უფლება აღარ გვქონდა. სამედიცინო შტაბი ამ მხრივ ერთსულოვანი იყო. როდესაც ჩაკვეტაძე ანდერლეხტთან თამაშისას იგივე მუხლმა შეაწუხა, სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ გვქონდა”.

შეგახსენებთ, რომ ანდერლეხტთან ხსენებული შეხვედრა მიმდინარე წლის აპრილში შედგა, ამდენად, თუკი ხვალ გიორგი მინდორზე მართლაც გამოჩნდა, ის საყვარელ საქმეს თითქმის რვათვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები