Thumbnail
  • იუვენტუსის ბრაზილიელი შემტევის, დუგლას კოშტას აღიარება.
  • 2009 წელს მისმა გუნდმა ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩი განგებ წააგო.

ყველამ იცის, რომ მატჩების გარიგება ხშირად ხდება, მაგრამ ასეთი აღიარებები ფეხბურთში მაინც ძალიან იშვიათია. ტურინის იუვენტუსის ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ 2009 წელს მისმა გუნდმა ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩი განგებ წააგო!

დუგლასი მაშინ გრემიოში თამაშობდა. 27 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გრემიოს ხელმძღვანელების და გულშემატკივრების დაჟინებული მოთხოვნით, რიო დე ჟანეიროს ფლამენგოსთან მატჩი წააგეს.

დუგლას კოშტა გრემიოში თამაშის დროს

საქმე ისაა, რომ თუ გრემიო იმ შეხვედრას მოიგებდა, გულშემატკივრებისთვის საძულველი ინტერნასიონალი ჩემპიონი ხდებოდა. გრემიო ფლამენგოსთან 1:2 დამარცხდა და ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა დუგლას კოშტას ამ განცხადების საფუძველზე გამოძიება.

თუ ფლამენგოს დავამარცხებდით, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა

“გვითხრეს, რომ შეგვეძლო, ისე მოვქცეულიყავით, როგორ გვინდოდა, მაგრამ თუ ამ თამაშს მოვიგებდით, ხალხი ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდებდა. მეტიც: გვეუბნებოდნენ, რომ გრემიოს ფანებს ჩვენი მოკვლა მოუნდებოდათ. გვითხრეს ისიც, რომ ინტერნასიონალისთვის ჩემპიონობაში დახმარება გრემიოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩებოდა და თუ ფლამენგოს დავამარცხებდით, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა,” - განაცხადა დუგლას კოშტამ.

იუვენტუსის გარემარბი იხსენებს, რომ გადაჭედილ მარაკანზე თამაშის განგებ წაგება ძალიან ცუდი შეგრძნება იყო. ბოლო ტურის წინ ფლამენგო ინტერნასიონალს მხოლოდ 2 ქულით უსწრებდა. თავად გრემიოს კი იმ სეზონში აღარაფერი აინტერესებდა.

დუგლას კოშტა: “მარაკანაზე ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით ვითამაშეთ. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო.”

ინტერნასიონალმა თავისი თამაში 2:0 მოიგო და ბურთების უკეთესი სხვაობით ჩემპიონი ხდებოდა. მაგრამ დუგლას კოშტას გუნდმა ფლამენგოს გამარჯვება აჩუქა. დუგლას კოშტა: “მეორე ტაიმში მეტოქის კარისგან შორს ვაკეთებდი დრიბლინგებს. ფლამენგომ ის თამაში 2:1 მოიგო და ბოლოს ყველა ბედნიერი იყო.”

ინტერნასიონალის ფანების გარდა...

კომენტარები

ბოლო ამბები