Thumbnail
  • უკრაინულმა კლუბმა მეოთხედფინალისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა.
  • შახტარი 2:1 რომა | გოლები: 0:1 ჩენგიზ უნდერი (41), 1:1 ფერეირა (52), 2:1 ფრედი (71).
  • შახტარს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში სულ 3 თამაში აქვს მოგებული და სამივე რომასთან.
ხარკოვში -8 გრადუსი იყო. ეს ბავშვი მეტალისტის ფანია, მაგრამ ამ შემთხვევაში შახტარს ქომაგობს

ხარკოვში მინუს 8 გრადუსი იყო და ლოგიკურია, რომ გუნდებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს. უკრაინული კლუბი ყინვაში თამაშს მიჩვეულია, რომა კი - არა. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა, როცა შახტარმა თამაშის თავის სასარგებლოდ შეტრიალება შეძლო. მანამდე კი, პირველ ნახევარში, უპირატესობას რომაელები ფლობდნენ და საგოლე მომენტებიც შექმნეს.

ეუსებიო დი ფრანჩეკოს გუნდმა უპირატესობა გოლით დააგვირგვინა - პირველი ტაიმის მიწურულს, რომას 20 წლის თურქმა გარემარბმა ჩენგიზ უნდერმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში პირველი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ედინ ჯეკოს ჭკვიანური პასი.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა დონეცკელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. გადამწყვეტი პასი დაცვიდან გაკეთდა და ის რაკიცკის ანგარიშზეა, რომელმაც ფერეირას კარგი მომენტი შეუქმნა. ეს უკანასკნელი ძალიან ადვილად გაუსწორდა მანოლასს - სისწრაფეშიც დაჯაბნა და მოატყუა კიდეც, რის შემდეგაც შანსი არც ალისონს დაუტოვა.

ფერეირას გოლის შემდეგ ფაქტობრივად მხოლოდ შახტარი უტევდა! ალისონმა ორი შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა, მაგრამ ფრედის საჯარიმო დარტყმას კი ვეღარაფერი მოუხერხა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმი უკრაინელების იყო და მათი გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია.

2:1 ისეთი ანგარიშია, დონეცკელებს არაფრის გარანტიას რომ არ აძლევს, რომაელები კი იმითაც კმაყოფილები უნდა იყვნენ, რომ სტუმრად ერთი ბურთის გატანა მოახერხეს, საპასუხო მატჩი კი თბილ იტალიაში გაიმართება და თუ რომას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის პრეტენზია აქვს, ხარკოვის 1:2 დი ფრანჩესკოს გუნდისთვის, წესით, პრობლემა არ უნდა იყოს.

რაც შეეხება დავით ხოჭოლავას - შახტარის ქართველი მცველი განაცხადში არ იყო.

სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები

► რომას აშკარად უნიჭიერესმა თურქმა ფეხბურთელმა ჩენგის უნდერმა თებერვალში 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ოთხივეში გაიტანა. მანამდე მას რომასთვის არცერთხელ არ ჰქონდა გატანილი. გარდა ამისა, 20 წლის, 7 თვის და 7 დღის უნდერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლის გატანა შეძლო. აქამდე ასეთი სტატუსი ჰაქან ჩალჰანოღლუს ჰქონდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტი გოლის დროს 20 წლის, 7 თვის და 20 დღის იყო. ფაქტია: ჩენგიზ უნდერის სახით თურქეთს დიდი ფეხბურთელი ეზრდება.

ჩენგიზ უნდერის გოლი შახტარის კარში

► ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ფრედმაც. ის მე-14 ბრაზილიელია, რომელიც დონეცკის შახტარისთვის ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს.

► შახტარმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩი მესამედ მოიგო და რაც ყველაზე საინტერესოა, სამივე თამაში რომასთან აქვს მოგებული (მანამდე: ორი შეხვედრა 2011 წლის მერვედფინალში).

► შახტარს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 საშინაო შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა, საერთო ჯამში კი, ამ 6 საშინაო თამაშში 16 გაიტანა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 2,7 გოლს ნიშნავს.

► რომას ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული (5 ფრე, 7 წაგება).

საუკეთესო ფეხბურთელი: ტარას სტეპანენკო

შახტარის მთავარი ვარსკვლავი ფრედია, რომელმაც გამარჯვების გოლიც გაიტანა, მაგრამ აბსოლუტურად უნაკლო მატჩი ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ ჩაატარა! უკრაინელმა ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო და პოზიციურადაც ყველაზე სწორად თამაშობდა. შახტარის ამ გამარჯვებაში სტეპანენკოს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ფეხბურთელი იმედგაცრუება: ალესანდრო ფლორენცი

მიუხედავად იმისა, რომ გრიპი ჰქონდა და წინა დღე ლოგინში გაატარა, დი ფრანჩესკომ ალესანდრო ფლორენცი მაინც ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფლორენცი მთელი მატჩის განმავლობაში თავის თავს არ ჰგავდა და ბერნარდს ვერაფერს უხერხებდა. ბრაზილიელმა ფლორენცის ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა. გარდა ამისა, ფერეირას გოლი არა მარტო მანოლასის, არამედ ფლორენცის სინდისზეცაა.

კომენტარები

ბოლო ამბები