Thumbnail

რეალმა ლეგანესზე შური იძია - სამეფო კლუბის მორიგი გამარჯვება ლა ლიგაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლეგანესი 1:3 რეალი.
  • რეალის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ლა ლიგაში.
  • სამეფო კლუბმა ვალენსიას გადაასწრო.

ლა ლიგის მე-16 ტურის გადადებულ შეხვედრაში ლეგანესმა მადრიდის რეალს უმასპინძლა. ეს გუნდები ამ სეზონში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და ერთი დაპირისპირება კიდევ მოუწევთ. ლეგანესმა კოპა დელ რეის ორმატჩიან დუელში რეალის დამარცხება სანტიაგო ბერნაბეუზე მოახერხა და თასის ნახევარფინალშიც გავიდა.

ზიდანის გუნდს ამ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. უპირველეს ყოვლისა, სატურნირო მდგომარეობის გამო და რა თქმა უნდა, ლეგანესისთვის ჭკუის სასწავლებლად. ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. მასპინძლებმა მე-6 წუთზე კუთხური ჩამოაწოდეს, რეალის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ტეო ერნანდესმა ბურთი კარის ხაზიდან კარგად ვერ გამოიტანა და ბუსტინსამ თავით მოახერხა გოლის გატანა. რეალმა მალევე გაათანაბრა, მე-11 წუთზე ლუკას ვასკესმა მოახერხა პიჩუ კუელარისთვის გოლის გატანა. 29-ე წუთზე სამეფო კლუბი კაზემიროს გოლით დაწინაურდა. რეალმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ტაიმის ბოლოს, კოვაჩიჩის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი, სერხიო რამოსმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე. რეალმა 3:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში ვალენსიას გადაასწრო. სამეფო კლუბს 48 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის ლიდერს კატალონიის ბარსელონას 14-ქულით ჩამორჩება.

მადრიდელთა კაპიტნისთვის, სერხიო რამოსისთვის ეს მატჩი 550-ე აღმოჩნდა
სამეფო კლუბის მაისურით.

ფაქტები

მატეო კოვაჩიჩმა 91 პასი გააკეთა ლეგანესთან, ხორვატის 88 პასი ზუსტი იყო.
ეს იყო პირველი შეხვედრა კაზემიროსთვის, როდესაც ბრაზილიელმა რეალის მაისურით გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები