Thumbnail
  • ვინ არის საუკეთესო '9 ნომერი' თანამედროვე ფეხბურთში?
  • ეს პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებული იყო

საფეხბურთო სამყაროს ბევრი მაღალი დონის ცენტრფორვარდი უნახავს. რამდენიმე მათგანი, გარკვეული მიზეზის გამო, გულშემატკივრებს ყოველთვის ახსოვთ. მიზეზი შეიძლება იყო გოლი, მისი აღნიშვნის სტილი, ან თუნდაც ვარცხნილობა. თანამედროვე ფებურთშიც ბევრი მაღალი დონის ცენტრფორვარდია. გთავაზობთ მოქმედი '9 ნომრების' TOP 10-ს.

შენიშვნა - ათეულში არიან ის მოთამაშეები, რომლებიც ბოლო პერიოდში ხშირად და რეგულარულად თამაშობენ აღნიშნულ პოზიციაზე. შესაბამისად, სიაში არ არიან ლიონელ მესი, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და სხვა კარგი შემტევები. 

10. ქარიმ ბენზემა (რეალ მადრიდი)

ბენზემა რონალდოს წასვლის მერე უკეთ გამოიყურება

ქარიმ ბენზემა მადრიდის რეალში 10 წლის წინ, ლიონიდან გადავიდა და “სამეფო კლუბში” რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შემოგვთავაზა. კრიშტიანო რონალდოს კლუბში ყოფნის ფერიოდში იგი პორტუგალიელი ვარსკვლავის ჩრდილში იყო, თუმცა გუნდისთვის სარგებელი მაინც მოჰქონდა. აღსანიშნია ისიც, რომ რონალდო ფრანგთან ერთად მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობდა. 5-გზის ოქროს ბურთის მფლობელის წასვლის შემდეგ, ბენზემა უფრო მეტად დაიტვირთა. 31 წლის ფეხბურთელმა წნეხს გაუძლო და ახლა კარგ სათამაშო ფორმაშია, მას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა შესრულებული.

9. რომელუ ლუკაკუ (ინტერი)

ლუკაკუსთვის იტალიური კარიერა კარგად დაიწყო

მანჩესტერ იუნაიტედში ჩაგდებული სეზონის შემდეგ, ლუკაკუს ოლე გუნარ სულშერთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და ზაფხულში ინტერში გადავიდა. ფიზიკურად ძლიერმა ცენტრფორვარდმა “სან სიროდან” წასული მაურო იკარდი კარგად ჩაანაცვლა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 გოლის გატანაც შეძლო. იტალიაში ბელგიელზე დიდ იმედებს ამყარებენ. რომელუს ნდობას უცხადებს მილანური კლუბის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე.

8.  პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი)

გაბონელმა გასულ სეზონში პრემიერლიგის ოქროს ბუცი მოიგო

ობამეინაგი ცოტა ხნის წინ, არსენალის კაპიტნად დაასახელეს. გაბონელი შემტევი ლონდონურ კლუბს დორტმუნდის ბორუსიადან შეუერთდა. 30 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში სადიო მანესთან და მოჰამედ სალაჰთან ერთად, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (22 გოლით). მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კლუბი წლევანდელ სეზონს ცუდად ატარებს, თავად ობამეიანგი კარგად გამოიყურება. მან პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში ითამაშა და თავი 10 გოლით გამოიჩინა.

7. მაურო იკარდი (პსჟ)

არენტინელი პარიზულ გუნდში კარგად გამოიყურება

მაურო იკარდი ინტერში 6 წლის განმავლობაში თამაშობდა და 219 მატჩში 124 გოლი გაიტანა. არგენტინელი მილანური კლუბის ლიდერი იყო, თუმცა გულშემატკივრებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან დაპირპისპირების შემდეგ, იჯარის წესით, პარი სენ-ჟერმენში აღმოჩნდა. მაურომ პარიზულ კლუბშიც კარგად დაიწყო და ძირითადი შემადგენლობაშიც ხშირად ხვდება. 

6. რობერტო ფირმინო (ლივერპული)

ფირმინო კლოპის ხელში კიდევ უფრო მეტად განვითარდა

რობერტო ფირმინო კარიერის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელი არ იყო, თუმცა იურგენ კლოპის ხელში იგი ძირითადად ამ პოზიციაზე თამაშობს. ბრაზილიელს უყვარს უკან დახევა და ბურთის შედარებით სიღრმიდან წამოღება. 28 წლის ფეხბურთელი ტექნიკური და დინამიურია. კლოპის ხელმძღვანელობით იგი შავ სამუშაოსაც ასრულებს. 

5. ლუის სუარესი (ბარსელონა)

ურუგვაელი ბარსელონას ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია

ლუის სუარესი 32 წლისაა და ბევრი ფიქრობს, რომ იგი ვეღარ არის ისეთი შედეგიანი, როგორც წინა წლებში, თუმცა ურუგვაელი გატანას მაინც განაგრძობს. მას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი. სუარესი არის 2013-14 წლების (31 გოლით) და 2015-16 წლების (40 გოლით) ევროპის ოქროს ბუცის გამარჯვებული. სამხრეთამერიკელს შეუძლია, არაფრიდან მომენტი შექნას და მეტოქეს გოლი გაუტანოს. იგი თამაშში მუდამ ჩართულია და ცდილობს, ყველა მომენტიდან მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ბევრის აზრით, იგი დღესდღეისობით საუკეთესო ცენრტფორვარდია.

4. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

ჰარი კეინი ბოლო წლებში ლონდონური კლუბის ლიდერია

ჰარი კეინი თანამედროვე ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. 26 წლის ფეხბურთელი 2015-16 (25 გოლით) და 2016-17 წლებში (29 გოლით) პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა. კეინმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფად შეძლო 20 გოლის გატანა. ინგლისელს ამისთვის მხოლოდ 24 მატჩი დასჭირდა. ჰარის ასევე მოგებული აქვს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბუცი (6 გოლი). კეინი პოჩეტინოს ხელში კიდევ უფრო ძლიერ ცენტრფორვარდად ჩამოყალიბდა. მას თითქმის ნებისმიერი მომენტის გოლად ქცევა შეუძლია.

3. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

ასაკის მიუხედავად აგუერო უმაღლეს დონეზე თამაშობს

პეპ გვარდიოლას სიტიში მისვლის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ სერხიო აგუერო კლუბს დატოვებდა. ესპანელი სპეციალისტი არგენტინელს ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა და მის მაგივრად გაბრიელ ჟეზუშს ათამაშებდა, თუმცა სერხიომ ფორმა მალე დაიბრუნა, გოლების გატანა განაგრძო და “ქალაქელთა” რიგებშიც დარჩა. გვარდიოლას ხელში ის კიდევ უფრო მრავალფეროვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. 31 წლის არგენტინელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, თანაგუნდელს კი ორჯერ გაატანინა.

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

პოლონელი წლევანდელ სეზონში სასწაულ ფორმაშია

რობერტ ლევანდოვსკი - მოთამაშე, რომელსაც ერთი შეხებით შეუძლია გოლის გატანა. პოლონელი თავითაც კარგად თამაშობს და საჰაერო ორთაბროლების ხშირი გამარჯვებულიცაა. იგი წლევანდელ სეზონში წარმოუდგენლად მაგარ ფორმაშია. 31 წლის ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 13 მატჩში 16 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 5 შეხვედრაში მეტოქის კარი 10-ჯერ აიღო. მისი სახით პოლონეთს ზაფხულში გასამართ ევრო 2020-ზე ცივსისხლიანი ცენტრფორვარდი ჰყავს.

1. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ცენტრფორვარდად ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა

პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კარიერის დიდი ნაწილი მარცხენა შემტევი გარემარბის პოზიციაზე აქვს ნათამაშები. რონალდო მადრიდის რეალში ყოფნისას თანდათან ჩამოყალიბდა ცენტრფორვარდად და იუვეშიც ამ პოზიციაზე თამაშობს. 34 წლის ფეხბურთელს მომენტის შექმნა და გოლის გატანა თითქმის ყველა პოზიციიდან შეუძლია. რონალდო შესანიშნავია საჰაერო ორთაბრძოლებშიც. მიუხედავად ასაკისა, იგი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს და ახლოს არის კიდევ ერთ რეკორდთან. მას ეროვნული გუნდის მაისურით 99 გოლი აქვს გატანილი და ირანელ რეკორდსმენ ალი დაეის 10 გოლით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები