Thumbnail

ვიცი, ამ სათაურმა ბევრი გააღიზიანა - მეც გეთანხმებით.

ჯეიმს ჰარდენის და მაიკლ ჯორდანის შედარებაზე არაფერს ვიტყვი - არ მინდა, კალათბურთის ღმერთები ჩემზე განრისხდნენ. არც კობი ბრაიანტის და ჰარდენის შედარება მინდა - ისიც ვიცი, ხუთ ჩემპიონობას რა ფასი აქვს, კობის და ჰარდენის პლეი ოფური თამაშიც მახსოვს, Mamba Mentality-ზეც მსმენია და საერთოდაც, კობიზე რას ვფიქრობ, შეგიძლიათ, ამ სტატიაში ნახოთ.

წაიკითხე კობის თამაში - კალათბურთი, როგორც ფილოსოფია

მაგრამ, ციფრები ძალიან ჯიუტია! ჯეიმს ჰარდენი არანორმალურად, ფენომენალურად, არაამქვეყნიურად მაგრად ყრის!  ფინალები, ბეჭდები და პლეი ოფი ლეგენდებს დავუტოვოთ, ჰარდენმა ჯერ უნდა დაიმსახუროს ამ კომპანიაში ყოფნა, თუმცა რეგულარული სეზონის მიხედვით, ჰარდენი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩამყრელია, მისი სტეპ-ბეკი კი ყველა დროის ერთ-ერთი უნივერსალური შემტევი იარაღი.

შარშანდელი სეზონის შემდეგ, ჰარდენმა როგორღაც მოახერხა, რომ კიდევ უფრო უკეთ თამაშობს - შარშან, ის თამაშში ფენომენალურ 36.1 ქულას აგდებდა, წელს კი მისი შედეგიანობა თამაშში კოსმოსურ 39.5 ქულამდე გაიზარდა (კიდევ ერთხელ გავიმეორებ: უკვე 20 თამაშია, ჰარდენი თამაშში საშუალოდ 40 ქულას აგდებს). რაც მთავარია, მას ამისთვის სულ რაღაც 24 სროლა სჭირდება.

კობის, ჩაყრის მხრივ საუკეთესო სეზონში, თამაშში 35.4 ქულა ჰქონდა და ამისთვის 27 სროლა სჭირდებოდა, ჯორდანს კი - 37.1 (27.8 სროლა).

კიდევ ერთხელ ნუ გამაკრიტიკებთ, ვიცი, რომ კობის, განსაკუთრებით კი ჯორდანის ეპოქაში, ჩაყრა ბევრად უფრო რთული იყო და დაგროვებულ ქულებს სხვა ფასი აქვს.

თუ წელს ზედიზედ მესამედ მოიგებს ლიგის საუკეთესო ჩამყრელის ტიტულს, ჰარდენი ჯორდანთან და დურანტთან ერთად ერთადერთი იქნება, ვინც ეს თანამედროვე კალათბურთის (მას შემდეგ, რაც სამქულიანები შემოიღეს) ეპოქაში შეძლო.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

მისი ჩაყრის მეთოდი იმდენად მარტივი, თუმცა ეფექტურია, რომ ვერავინ იტყვის, რომ შემდეგ წელს ეს აღარ იმუშავებს. ერთადერთი, რაც ჰარდენს ჩაყრისთვის სჭირდება - ერთი-ერთზე დარჩენაა. ვერავინ თამაშობს მასავით იზოლაციებს - ვერავინ უტევს ჯეიმს ჰარდენივით ერთ-ერთზე. მისი შეტევების 50 პროცენტზე მეტი იზოლაციაა და იზოლაციით (მარტო) შეტევის დროს, იგი ერთ პოზიციაზე 1.14 ქულას ყრის (საშუალო მაჩვენებელი 0.96 ქულაა).

თამაშში მას საშუალოდ 18 იზოლაცია აქვს - 2012 წლის შემდეგ, რაც დეტალური სტატისტიკა არსებობს, არავის ჰქონია თამაშში 12 იზოლაციაზე მეტი. მისი ჩაყრა არ არის დამოკიდებული სტეფ კარისავით ხელსაყრელ სათამაშო სისტემაზე, კევინ დურანტივით ბურთის გუნდურ მოძრაობაზე. მას ორი მარტივი რამ - ბურთი და ერთი-ერთზე დარჩენა სჭირდება.

წაიკითხე რატომ ვერ აჩერებენ ჯეიმს ჰარდენს? ლიგის საუკეთესო შემტევის თამაში

როდესაც კარი ლიგის საუკეთესო ჩამყრელი გახდა (2015-2016 წლების სეზონი), მისი სროლების 46 პროცენტი პასის შემდეგ სრულდებოდა. როდესაც წინა წელს დურანტი დაეუფლა საუკეთესო ჩამყრელის ტიტულს, მისი სროლების 47 პროცენტი პასის შემდეგ იყო განხორციელებული - ანუ, რაც ზემოთ ვთქვი, ამ ორი ძალიან დიდი მოთამაშის შედეგიანობა გუნდურ სისტემაზეც არის დამოკიდებული. გასულ სეზონში ჰარდენის სროლების 13.5 პროცენტი სრულდებოდა პასის შემდეგ - ანუ ჰარდენის შედეგიანობა მის გუნდზე ნაკლებად არის დამოკიდებული, იგი ბურთს ხელში იღებს, სტეპ-ბეკი და სამიანი, ან შესვლა, ანაც ჯარიმა.

ორიოდე დღის წინ, ალბათ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ კობი ბრაიანტის ერთი შეხედვით მიუღწეველი 81-ქულიანი თამაში, ჯეიმს ჰარდენმა შეიძლება მარტივად გაიმეოროს.

კობის 81 ქულისთვის 46 სროლა დასჭირდა, ჰარდენმა კი, ფაქტობრივად, მხოლოდ სამი მეოთხედი ითამაშა, 24-ჯერ ისროლა და 60 ჩააგდო.

24 სროლაში 60 ქულა! 14-დან 8 ზუსტი სამქულიანი და 23 ნასროლი ჯარიმა (20 ჯარიმა ზუსტი იყო). მარტივი მათემატიკაა - ჰიუსტონს ჰარდენი მეოთხე მეოთხედშიც, რომ დასჭირვებოდა და მას ჯარიმების აღება და სამიამების სროლა ასე გაეგრძელებინა, 80 ქულა ძალიან რეალისტური იყო. კობის ერთ დროს მიუღწეველი შედეგი, ჯეიმს ჰარდენის ხელში მიღწევადია.

ბოდიში მაიკლ, ბოდიში კობი, მაგრამ ეს უნდა დამეწერა. პლეი ოფი სხვა ისტორიაა, ვიცი! მაგრამ რეგულარულში ეს ბიჭი თქვენსავით ღმერთივით ყრის.

📺 ვიდეო: ჯეიმს ჰარდენის 60 ქულა 3 მეოთხედში 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები