Thumbnail
  • საქართველო 33:40 სამხრეთ აფრიკა
  • ქართველმა მორაგბეებმა უმცროს ბოკეს დიდი ბრძოლა გაუმართეს

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან მე-2 ტესტ-მატჩი ჩაატარა და მართალია, ამჯერადაც 7-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, გასული თამაშები უდაოდ უმცროს ბორჯღალოსანთა აქტივს უნდა მივათვალოთ.

შეგახსენებთ, რომ ილია მაისურაძის შეგირდები გაისად დაგეგმილი 20-წლამდელთა მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, რაშიც ჯუნიორ ბოკესთან სპარინგები დიდ სამსახურს გაუწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს არაერთი ლეგიონერი აკლდა, მრისხანე მეტოქეს ორივე შემთხვევაში ღირსეულად დაუდგა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველი მატჩი 21:28 წააგეს, დღეს კი, 5 ლელო დადეს და აფრიკელებს მე-2 ტაიმი 21:14 მოუგეს, თუმცა, საბოლოოდ, 33:40 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ გასულ შეხვედრასთან შედარებით შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. სასტარტო 15-ეულში ადგილი მხოლოდ ლუკა ივანიშვილმა შეინარჩუნა, რომელიც კაპიტნის რანგში მოგვევლინა, გუნდის რამდენიმე ლიდერი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

ქართველმა მორაგბეებმა აფრიკელებს ორივე მატჩში ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

მატჩი, რომელშიც უმცროსმა ბოკემ მხოლოდ 1 გარდასახული ლელოთი გვაჯობა, საკმაოდ უხეში გამოდგა. ქართველმა არბიტრმა შოთა თევზაძემ სტუმრებს 2 მორაგბე გაუსინბინა, ქართველთაგან ყვითელი ბარათი ხსენებულმა ივანიშვილმა მიიღო, თორნიკე ზაქარიაძეს კი მხრით დაჯახება არ ეპატია და წითელი ბარათი მიიღო.

სხვა საქმეა, რომ თამაშის ამხანაგური ხასიათიდან გამომდინარე, გაძევება 10-წუთიან სინბინად ჩაითვალა და ზაქარიაძის ნაცვლად, მინდორზე შესვლის საშუალება სხვა მოთამაშეს მიეცა.

მატჩი სტუმრების მძლავრი იერიშებით დაიწყო და ოციოდ წუთში ისინი უკვე 19:0-ს იგებდნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი საპასუხო ლელო 27-ე წუთზე მიითვალა, როდესაც ბურთი მარჯვენა ფლანგიდან მარცხენაზე ბოლოდე ჩათამაშდა, მასპინძლები რიცხობრივ უპირატესობაში დარჩნენ და ბურთის დამიწება გარემარბმა ლევან ქუშაშვილმა შესძლო. საკმაოდ რთული გარდასახვა სანდრო მარგიანმა გაიტანა.

📺 ლევან ქუშაშვილის ლელო

სამწუხაროდ, მომდევნო შეტევაშივე კიდევ 1 ლელო მივიღეთ, თუმცა, ტაიმის ბოლო შედეგიანი იერიში მაინც ჩვენების იყო. მარგიანმა ბურთი მარჯვენა ფრთაზე გადაკიდა, იქ კი, ყველას ლუკა ხეხელაშვილმა დაასწრო და ანგარიში 12:26 გახდა.

📺 ლუკა ხეხელაშვილის ლელო

მე-2 ტაიმის სტარტი ისევ უმცროსი ბოკესი იყო და მოწინააღმდეგე 40:12 დაწინაურდა, აი, დასკვნით 20 წუთში კი, ქართველმა მორაგბეებმა 3 ლელო მიითვალეს და შევარდენის სტადიონზე შეკრებილ ქომაგებს ხასიათი გამოუკეთეს.

64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ხელდახელ დაახლოებით 40 მეტრი იარა, საბოლოოდ კი, ბურთი შეცვლაზე შესულ იოანე იაშაღაშვილს მიუვიდა და მისი შემჩერებელი აღარავინ იყო.

📺 იოანე იაშაღაშვილის ლელო

ქართველთა მომდევნო ლელო აფრიკელების უხეშ შეცდომას მოჰყვა. მათ საკუთარი 22-დან ხელით გამოსვლა გადაწყვიტეს, თუმცა, სტუმრებს ბურთი ხელიდან გიორგი მარგალიტაძემ გამოგლიჯა და მისი დამიწებაც მოახერხა. ლაშა ლომიძის გარდასახვის შემდეგ ტაბლოზე 26:40 დაფიქსირდა.

📺 გიორგი მარგალიტაძის ლელო

თამაშის ბოლო წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მე-5 შედეგიანი შეტევა განახორციელეს, დუბლი კი ხეხელაშვილმა შეასრულა, რომელმაც თითქმის იდენტური მე-2 ლელო დადო. ლუკას ბურთი ამჯერად ლომიძემ გადაუკიდა და საქართველოს ნაკრების გარემარბი ამჯერადაც ყველაზე სხარტი აღმოჩნდა. ლაშამ ზედ მოედნის კიდიდან გარდასახვა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 33:40.

📺 ლუკა ხეხელაშვილის ლელო

საინტერესოა, რომ გაისად დაგეგმილ 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე უმცროსი ბორჯღალოსნების ერთ-ერთი მეტოქე სწორედ სამხრეთ აფრიკა იქნება. ტურნირი ზაფხულში იტალიაში შედგება და ილია მაისურაძის შეგირდები ჯგუფურ ეტაპზე, უმცროსი ბოკეს გარდა, მასპინძლებსა და არგენტინას გაეჯიბრებიან.

U19 საერთაშორისო სერია, მეორე მატჩი, 5 დეკემბერი, "შევარდენი"

საქართველო 33:40 სამხრეთ აფრიკა

საქართველო: 15. დავით გობეჯიშვილი, 14. ლევან ქუშაშვილი, 13. ზაურ ლუტიძე, 12. გივი ცინცაძე, 11. ლუკა ხეხელაშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გუგა მარგველაშვილი; 1. გიორგი ჭანია, 2. ლუკა პეტრიაშვილი, 3. ირაკლი პურიჭამიაშვილი, 4. ვაჟა მაისურაძე, 5. ლუკა ივანიშვილი, 6. ლუკა კოხია, 7. თორნიკე ზაქარიაძე, 8. დავით ლომიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: 16. გუგა ტაბატაძე, 17. ლუკა ახვლედიანი, 18. ნიკა ნარმანია, 19. ლუკა მაჭარაშვილი, 20. გიორგი სინაურიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. ლაშა ლომიძე, 24. დემე თაფლაძე, 25. ბექა ყორიაული, 26. თემო ჭიჭინაძე, 27. იოანე იაშაღაშვილი, 28. საბა კურტანიძე, 29. საბა კურატაშვილი.

5 ლელო: ქუშაშვილი, ხეხელაშვილი (2), იაშაღაშვილი, მარგალიტაძე.

4 გარდასახვა: მარგიანი, ლომიძე (3).

კომენტარები

ბოლო ამბები