Thumbnail

ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის გამორჩეულ მატჩში, მერსისაიდულ დერბიში 7 გოლი გავიდა! ლიდერმა ლივერპულმა ევერტონი 5:2 გაანადგურა. იურგენ კლოპის შეგირდებმა ხუთიდან ოთხი გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს (ორიგის დუბლი, შაჩირი, მანე), პირველივე ტაიმში მარკო სილვას შეგირდებიდან თავი მოიზე კინმა და რიშარლისონმა გაიტანეს. 90-ე წუთზე ანგარიშს წერტილი ჟორჟინიო ვეინალდუმმა დაუსვა. 

ლივერპულს 15-დან 14 მატჩი აქვს მოგებული და 1 ფრედ დასრულებული, კლოპის გუნდი უახლოეს მდევარ ლესტერ სიტის 8, ხოლო მანჩესტერ სიტის 11 ქულით უსწრებს. 

32 ტურია, რაც ლივერპულს არ წაუგია

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "ყველა გოლი საოცარი იყო. სენსაციური პასები, ბრწყინვალე დარტყმები - ეს იყო სუპერფეხბურთის მომენტები. მე ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა. ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, დღეს მე სხვებსაც ვენდე და მათ დაამტკიცეს, რომ მართალი ვიყავი. ხუთი ცვლილების შემთხვევაში პრობლემებს უნდა ელოდოო - მე ერთი პრობლემაც ვერ შევამჩნიე. ცვლილებები კი აუცილებელი იყო, რადგან მძიმე მატჩი გველოდა, ჩვენ კი დასვენებული ფეხბურთელები გვჭირდებოდა"

ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული): "ბრწყინვალე მატჩი იყო ჩვენთვის, ეს არის დამსახურებული გამარჯვება. იმ ბიჭებმა, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, თავი შესანიშნავად გაართვეს საქმეს. ეს ძალიან კარგია, რადგან სეზონი გრძელია, გუნდს ყველა სჭირდება და ყველაფერი წესრიგშია. საკლუბო რეკორდი კარგია, მაგრამ ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ".

საინტერესო ფაქტები

⚽ ევერტონმა ლივერპულისგან 5 გოლი ერთ თამაშში 1982 წლის მერე პირველად გაუშვა. 

⚽ 15 ტურის მერე ევერტონი გასავარდნ ზონაში ბოლოს 1999 წელს იყო.

⚽ ლივერპულს პრემიერლიგაში 32 ტურია, რაც არ წაუგია - ეს საკლუბო რეკორდია. კლოპის გუნდი ბოლოს პეპ გვარდიოლას სიტიმ დაამარცხა იანვარში. 

⚽ ეს იყო იურგენ კლოპის მე-100 გამარჯვება პრემიერლიგაში (159 მატჩი). 

⚽ 100 მატჩი პრემიერლიგის ისტორიაში უფრო სწრაფად მხოლოდ ჟოზე მოურინიომ მოიგო (142 თამაში). 

კომენტარები

ბოლო ამბები