Thumbnail

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფში, სადაც კონტინენტის პირველობის საგზურისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იბრძოლებს, არბიტრები ვიდეოგამეორების სისტემა VAR-ს გამოიყენებენ.

მეტი ამ თემაზე: უეფას პრეზიდენტი: 'VAR ქაოსია, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს'

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის დარჩენილი 4 საგზურისთვის ევროპის 16 ნაკრები, მათ შორის საქართველოს ეროვნული გუნდი, მომავალი წლის მარტში იბრძოლებს.

D გზის ნახევარფინალში ვლადიმირ ვაისის გუნდი 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში, რომელიც 31 მარტს ჩატარდება, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს მიიღებს. 

სისტემა VAR-ის ფეხბურთში დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო

უეფამ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფში VAR-ს გამოიყენების გადაწყვეტილება 4 დეკემბერს, ნიონში გამართულ აღმასკომის სხდომაზე მიიღო. ასევე იგეგმება სისტემის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ევროპულ შესარჩევში გამოყენებაც, ოღონდ, ამ შემთხვევაში ფიფასგან დასტურია მისაღები. 

მეტი ამ თემაზე: ვის, როდის და სად შეხვდება საქართველოს ნაკრები - თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა

უეფას აღმასკომზე ასევე დაამტკიცეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი პლეი ოფის ფორმატი, 2020/21 წლების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის პროცედურა, ასევე ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ახლებური ფორმატი და სხვა საკითხები. 

VAR ფეხბურთის წესებში ოფიციალურად 2018 წლიდან, სისტემის რამდენიმე ლოკალურ და საერთაშორისო ტურნირში გამოცდის შემდეგ შეიტანეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები