Thumbnail

10 ცნობილი ადამიანი, რომლებსაც კომპიუტერული თამაშები უყვართ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • კომპიუტერული თამაშებით უამრავი წარმატებული ადამიანია გატაცებული
  • გაიგეთ, რომელი თამაშები უყვართ ჰოლივუდის ვარსკვლავებს

იყო დრო, როცა კომპიუტერული თამაშები ბავშვებისა და ნერდების გასართობად ითვლებოდა. თუმცა, ეს დიდი ხანია შეიცვალა: გეიმინგი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰობად ითვლება და უამრავი ადამიანისთვის, ის პროფესიადაც კი იქცა. დღეს, გეიმერებს შორის პოპულარული მომღერლები, მსახიობები და სპორტსმენებიც არიან და არც მალავენ კომპიუტერული თამაშების სიყვარულს. დღეს, სწორედ ასეთ 10 ცნობილ ადამიანზე მოგიყვებით.

10. ვინ დიზელი

ვინ დიზელი ერთ-ერთი ისე სელებრითია, რომლის კომპიუტერი თამაშებით გატაცებაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მსახიობს განსაკუთრებით ცნობილი სამაგიდო თამაში Dungeons & Dragons უყვარს. ამას გარდა, ის კომპიუტერული თამაშების ფანიცაა, თითქმის ყველანაირი თამაში უკვარს, MMO, RTS და ა.შ, თუმცა ტრადიციული პირველი პირის ხედვის კუთხის საბრძოლო თამაშებს, მაგალითად, Call of Duty-ს ანიჭებს უპირატესობას. 

დიზელს იმდენად იტაცებს ვიდეოთამაშები, რომ დეველოპერული სტუდია ''ტაიგონიც'' კი დააარსა, რომელმაც Xbox-ის ისეთი ლეგენდარული თამაშების შექმნაში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა, The Chronicles of Riddick: Escape from Butcher Bay.

9. მილა კუნისი

შესაძლოა, მილამ ერთი შეხედვით გეიმერის თშაბეჭდილება არ დაგიტოვოთ, თუმცა მსახიობი თავდადებული გეიმერია. კუნისმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში აქტიურად თამაშობდა ბლიზარდის ცნობილ მულტიფლეიერ World of Warcraft-ს. თუმცა, მსახიობი აცხადებს, რომ ''ვარქრაფტის'' თამაშს თავი დაანება და ამჟამად ბევრად უფრო ნაკლებად ''ჩამთრევ'' თამაშებს ანიჭებს უპირატესობას.

8. სემუელ ლ ჯექსონი

ალბათ, მილა კუნისისგან განსხვავებით, სემუელ ლ ჯექსონის გეიმერობა, გასაკვირი არ არის. ჯექსონი Grand Theft Auto-ს ფრენჩაიზის ფანია და, ერთ-ერთ თამაშში, კერძოდ კი GTA: San Andreas-ში, ოფიცერი ტენპენის როლიც კი მოირგო. მსახიობის თქმით, ის ასევე გატაცებულია Fallout-ითა და Call of Duty-ით, თუმცა, ნებისმიერ თამაშს ცდიდა, რომელსაც საინტერესო სიუჟეტი და გეიმფლეი ექნებოდა. ალბათ, თქვენც ჩვენსავით გაინტერესებთ, სემუელი მულტიფლეიერების თამაშისას თუ ბრაზდება და კომპიუტერს ჩვენსავით თუ უყვირის ხოლმე, თუმცა, სამწუხაროდ, ამაზე არაფერია ცნობილი.

7. ჯექ ბლექი

ცნობილი ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ჯექ ბლექიც გეიმერია. მას კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიასთან ადრე მჭიდრო კავშირი ჰქონდა და თამაშში Brutal Legend ერთ-ერთი პერსონაჟი, ედი რიგსიც გაახმოვანა. მსახიობმა ცნობილ გეიმერულ გამოცემა ''კოტაკუსთან'' ინტერვიუში გაამხილა, რომ საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევს თამაშ Project Gotham Racing-ის ''დახურვას.'' 

2018 წელს, ბლექმა უითუბ გვერდი JablinskiGames შექმნა რომელზეც ხშირად თამაშობდა ხოლმე ძველ, კლასიკურ თამაშებს, მაგალითად Minecraft-ს და გეიმერულ სამყაროში ცნობილ სტუმრებსაც იწვევდა, მაგალითად, მის რამდენიმე ვიდეოში იუთუბზე ყველაზე მეტი გამომწერის მქონე სთრიმერი, PewDiePie-იც კი გამოჩნდა. ჯექ ბლექი თანამედროვე თამაშებს დიდად არ სწყალობს, თუმცა, მაინც გამოცდილ გეიმერად უნდა ჩავთვალოთ.

6) ჰენრი ქევილი

დიახ, თავად სუპერმენიც კი გეიმერია! ქევილი, როგორც თავად აცხადებს, World of Warcraft-ის მოთამაშე იყო. ჭორების თანახმად, ქევილი სწორედ ''ვარქრაფტს'' თამაშობდა, როცა დაურეკეს და აცნობეს, რომ სუპერმენის როლზე დაამტკიცეს.

ქევილი, ალბათ იცით, რომ ცნობილი თამაშების ტრილოგიის Witcher-ის ეკრანიზაციაში, მთავარი გმირის, გერალტის როლს ითამაშებს. ამის გამო, მსახიობმა Witcher-ის ტრილოგიაც ითამაშა, თუმცა, თუ ის ''ვარქრაფტის'' ფანია, ალბათ ''ვიჩერიც'' მოეწონა.

5) მიშელ როდრიგესი

მიშელი, ისევე როგორც მისი მეგობარი და ''ფორსაჟის'' თანა-ვარსკვლავი ვინ დიზელი, ცნობილი გეიმერია, თუმცა, დიზელისგან განსხვავებით, როდრიგესი ფენტეზის ჟანრის თამაშებს არ სწყალობს. მსახიობმა Yahoo-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თამაშები საკუთარმა ძმამ შეაყვარა, როცა მან ცნობილი საბრძოლო ჟანრის თამაში Doom ათამაშა. მიშელის თქმით, მას შემდეგ, Doom-ის ფრენჩაიზზე შეყვარებულია და მას დღემდე თამაშობს. მსახიობს ასევე უყვარს პირველი პირის ხედვის კუთხის, სხვა კლასიკური საბრძოლო თამაშები. საინტერესოა, ვინ დიზელი და მიშელ როდრიგესი, ერთად Call of Duty-ს თუ თამაშობენ და, თუ ასეა, 1v1-ში ვინ ვის სჯობნის ხოლმე?

4) ზაკ ეფრონი

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ზაკ ეფრონი, 2000-იან წლებში ცნობილი გეიმერი იყო. ზაკს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ Halo-ს ფრენჩაიზის ფანია. 2007 წელს, როცა ზაკი ჯერ კიდევ 20 წლისა იყო, Halo 3-ის გამოშვების დღეს სპეციალ ივენთზე მიიპატიჟეს და, გათენებამდე თამაშობდა Halo-ს მის დეველოპერებთან და ავტორებთან ერთად, ხოლო, შემდეგ კი, თამაშის პირველი, ხელმოწერილი ასლიც გადასცა სიმბოლურად ერთ-ერთ მყიდველს. 

3) დრეიქი

ცნობილი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი დრეიქი, რომელიც ''ბილბორდის'' ჩარტის ტოპ 100-ში თითქმის ყოველ კვირას ხვდება, მუსიკის სამყაროში ცნობილი და გავლენიანი ადამიანია. თუმცა, მუსიკის პარალელურად, როგორც ჩანს, დრეიქი ვიდეოთამაშებშიც წარმატებულია. მუსიკოსი მულტფლეიერ Fortnite-ს თამაშობს და, როგორც მისი გუნდის წევრები აღნიშნავენ, სტუდიაში თამაშის საუნდტრეკებსაც კი უკრავს ხოლმე. დრეიქი ''ფორტნაიტის'' ცნობილ სთრიმერ Ninja-საც კი ესტუმრა და რამდენჯერმე მასთან ერთად გასთრიმა ათასობით ონლაინ მაყურებლის წინაშე.

2) მაიკლ ფელფსი

ყველა დროს ყველაზე ცნობილი და წარმატებული ოლიმპიელი სპორცმენი მაიკლ ფელფსი, რომელსაც 28 ოლიმპიური მედალი აქვს (მათ შორის 23 ოქრო), გეიმერია. დიახ, ცნობილი მოცურავე კომპიუტერული თამაშებითაა გატაცებული და უპირატესობას Call of Duty-ს ანიჭებს.

2012 წელს, ფელფსმა Post Game-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კვირაში დაახლოებით 30 საათს უთმობდა Call of Duty-ს თამაშს, რაც, საშუალოდ, დღეში 3-4 საათი გამოდის. როგორც, ჩანს, მითია, რომ კომპიუტერული თამაშები პროდუქტიულობას აქვეითებს. ეს მაიკლის მაგალითიდან აშკარად ჩანს.

1) დენიელ ქრეიგი

სუპერმენთან ერთად, ცნობილი აგენტი 007-ც გეიმერია. ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელმა, დენიელ ქრეიგმა განაცხადა, რომ მისი საყვარელი თამაში Grand Theft Auto-ა, განსაკუთრებით კი Vice City და შეუძლია საათობით გაუჩერებლად ითამაშოს, ''სანამ საკუთარი თავი არ შეზიზღდება.'' 

ქრეიგმა ასევე აღნიშნა, რომ გრძელი, საინტერესო სიუჟეტის მქონე თამაშები უყვარს და ამის მაგალითად Halo დაასახელა.

თუ კი სუპერმენი, ყველაზე წარმატებული ოლიმპიელი და ჯეიმს ბონდი, სამივე გეიმერები არიან, გეიმინგი ნამდვილად სასარგებლო ჰობი ყოფილა. ამის შემდეგ, თუ ვინმე გეტყვით, რომ გეიმინგი საბავშვო გასართობია და წარმატებული ადამიანები კომპიუტერულ თამაშებს არ თამაშობენ, შეგიძლიათ, ეს სტატია წააკითხოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები