Thumbnail
  • NJ.com-მა სანდრო მამუკელაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა
  • ზაზა ფაჩულიას როლი მამუკელაშვილის პროგრესში

ნიუ ჯერსის ყველაზე პოპულარულმა ვებსაიტმა NJ.com-მა სეტონ ჰოლის უნივერსიტეტის ქართველ ლეგიონერ სანდრო მამუკელაშვილს სტატია მიუძღვნა: "სეტონ ჰოლს ჰყავს კალათბურთელი NBA-ს მომავლით (და ის არ არის მაილს პაუელი)". 

საქართველოს ნაკრებში დებიუტი შარშან ჰქონდა

სეტონ ჰოლი სწორედ ნიუ ჯერსის შტატში მდებარეობს, წლევანდელ სეზონში მამუკელაშვილის გუნდი NCAA-ს ფავორიტთა შორისაა, ხოლო სანდრო ზემოთ ნახსენებ მაილს პაუელთან ერთად გუნდის ლიდერია. 

სანდრო მამუკელაშვილი 2019/20 წლების სეზონში: 12.3 ქულა & 5.3 მოხსნა.

"ბავშვობაში საქართველოში იზრდებოდა და, როგორც ბევრისთვის, მისი კერპიც NBA-ში მოთამაშე ზაზა ფაჩულია იყო. ზაზა პირველი ქართველი გახდა, ვინც NBA-ს ტიტული მოიგო, მან ეს გოლდენ სტეიტთან ერთად ორჯერ მოახერხა.

"როცა ვიზრდებოდი, მის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი ეროვნულ ნაკრებში. ის ჩემი კერპივით იყო კალათბურთში. ახლა კი სურვილი მაქვს, ჩემი კარიერაც ისე წარიმართოს, როგორც ზაზასი", - უთხრა NJ Advance Media-ს ქართველმა კალათბურთელმა.

წაიკითხე | სამი ქართველის შანსი NBA-ს დრაფტისთვის - ბითაძეს ორი გუნდი ელოდება

ამ სეზონში სეტონ ჰოლი NCAA რეიტინგში მე-16 გუნდია, ხოლო მამუკელაშვილი, ან მხოლოდ "მამუ" (ან სანდრო), როგორც მას გუნდში ეძახიან, საშუალოდ 12.3 ქულასა და 5.3 მოხსნას აკეთებს.

გასულ პარასკევს მან 18 ქულით სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა. თუ 20 წლის მამუკელაშვილი ზრდას გააგრძელებს, ზაზა ფაჩულიას მიაჩნია, რომ ის NBA-ში აუცილებლად ითამაშებს. "ვფიქრობ, რომ მას ამის უნარი გააჩნია. ის NBA-ს ახლანდელ სტილს შესანიშნავად შეეფერება - ძლიერი, სწრაფი და უნივერსალია".

მეტი ამ თემაზე:

კალათბურთმა მსოფლიო შემოატარა

სანდრო ქართველია, თუმცა ის 1999 წელს ნიუ იორკში დაიბადა. ის სულ რამდენიმე თვის იყო, როცა მშობლებთან ერთად სამშობლოში გადავიდა სააცხოვრებლად. სადაც მის ორ უფროს ძმასთან ერთად იზრდებოდა.

"ჩემი მშობლები ამერიკაში დარჩენას არ აპირებდნენ, ნათესავს სტუმრობდნენ", - იხსენებს სანდრო, რომელიც კალათბურთით შუათანა ძმა დავითმა დააინტერესა. სანდროს ხშირად ესმოდა ისტორიები მის ვარსკვლავ ბებია ირა გაბაშვილზე: "მისი თამაში არასდროს მინახავს. ის ჩემ დაბადებამდე გარდაიცვალა. ბებია საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი იყო. ამას დაემატა ისიც, რომ ერთხელ ჩემ ძმას კალათბურთზე გავყევი და მომეწონა". 

სანდრო ევროლიგის მომავალი თაობის ტოპ ხუთეულში (ნომერი 13)

14 წლის მამუკელაშვილით იტალიური გუნდები დაინტერესდნენ. ის ანჯელიკო ბიელას წევრი გახდა და მის წარმატებაშიც დიდი წვლილი შეიტანა:

"საოცარი დრო იყო, 14 წლის ასაკში იტალიაში მოვხვდი. იტალიური არ ვიცოდი და მშობლების გარეშე მიწევდა ცხოვრება. იტალიურმა კლუბმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. იქ თავს კომფორტულად ვგრძნობდი. არასოდეს არ მიგვრძნია თავი მიტოვებულად".

ამდენმა მოგზაურობამ სანდრო პოლიგლოტი გახადა, ახლა ის თავისუფლად ლაპარაკობს ქართულის გარდა, იტალიურად, რუსულად და ინგლისურად. 

მან სტეფ კარი გაგვაცნო!

2016 წელს მამუკელაშვილი ამერიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა, სადაც მონტევერდეს აკადემიის გუნდის წევრი გახდა. აქ დ'ანჯელო რასელსა და ბენ სიმონსს უთამაშიათ. 

მონტევედრეში სანდრო ნიკსის ახალბედა არ ჯეი ბარეტთან ერთად თამაშობდა, რომელიც NBA-ს წლის ახალბედის ტიტულისთვის იბრძვის.

"მონტევერდე ძალიან კარგი გუნდი იყო. სიმონსი, რასელი მაგრები იყვნენ, მწვრთნელი ბოილი კი - თავის საქმეში საუკეთესო. როცა იქ თამაშის შანსი გამიჩნდა , წამითაც არ მიყოყმანია".

დაუვიწყარი საღამო მამუკელაშვილისთვის

ამ ხნის განმავლობაში სანდროს რჩევებს ხშირად აძლევდა მისი ბავშვობის კერპი ზაზა ფაჩულია. როცა ორლანდოში თამაშობდა გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში, ზაზამ მამუკელაშვილი და მთელი მისი გუნდი დაპატიჟა მატჩზე. 

ვარჯიში ზაზასთან

"ზაზამ სტეფ კარი გაგვაცნო! ალბათ, ვერასდროს დავივიწყებთ ამ გამოცდილებას - ის ჩემი დიდი ძმაა", - იხსენებს სანდრო. 

2017 წლის აპრილში სანდრო სეტონ ჰოლმა დაპატიჟა, სადაც კევინ ვილიარდი წვრთნის:

"ჩვენ დიდი სიხარულით მივიღეთ სანდრო სეტონ ჰოლის ოჯახში. 17 წლის კალათბურთელს ტალანტი ეტყობოდა, ის კარგ პასებს აკეთებდა და სროლაც ბრწყინვალე ჰქონდა. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ "მაღალი" იყო. მის განვითარებაზე ახლაც ვზრუნავთ", - ამბობს კევინ ვილიარდი.

როცა NBA-ს ვეტერანისგან სწავლობ

გასულ ზაფხულს, როცა ფაჩულია და მამუკელაშვილი თბილისში იყვნენ, სანდრომ ზაზას აკადემიაში დიდი დრო გაატარა. "მან ბევრი რამ მასწავლა. ის მასწავლიდა ისეთ რამეებს, რასაც გუნდში კევინ დურანტი აკეთებდა. ყველაზე მეტად კი ბალანსის შენარჩუნების საიდუმლეობას მიხსნიდა".

მამუკელაშვილი ძალიან აფასებს ფაჩულიას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ზაზა ნამდვილი ვარსკვლავი არც ყოფილა, მან მოახერხა და 16 სეზონის განმავლობაში NBA-ს სხვადასხვა გუნდში ითამაშა. 

"ის დიდი კალათბურთელია და რაც ყველაზე მთავარია, მან თამაშის ნიუანსები იცის ბრწყინვალედ. ის ყოველთვის ასრულებდა თავის გუნდს ნებისმიერ გუნდში და ასევ აკვირდებოდა სხვა მოთამაშეებს. ის მასწავლის, როგორ და როდის შევცვალო თამაშის ტემპი, როგორ ვითამაშო ისე, რომ არ ვიყო მეტოქეთათვის ადვილად გასაშიფრი". 

NCAA-ში მესამე სეზონს ატარებს  

ფაჩულია ასევე ცდილობდა, რომ სანდროს თამაშის სხვა ფაქტორებზეც გაემახვილებინა ყურადღება - როგორ დაიცვას თავი სხვადასხვა პოზიციაში, როგორ დახვეწოს სროლის ტექნიკა. სანდრო შესანიშნავი მსროლელია, გუნდში მხოლოდ მაილს პაუელსს ჩამორჩება სამქულიანებით - 22-დან 10 ჩააგდო, ეს კი 46%-ია. 

"ვცადეთ, რომ სანდროს პირველიდან ხუთ ნომრამდე ყველა პოზიციის მეტოქის წინააღმდეგ დაეხვეწა თამაში. ვფიქრობ, შესანიშნავი პასები აქვს, სროლის ნიჭი აშკარად აქვს, თუმცა სტაბილურობა სჭირდება. ის ჯერ ახალგაზრდაა და ყველა ასპექტში უმატებს", - ამბობს ზაზა თანამემამულეზე. 

ყველაფერი მის ხელშია

მამუკელაშვილს მწვრთნელი მეტ სითამამეს სთხოვს

ზაზას და სანდროს ახლაც აქვთ კონტაქტი FaceTime-ის მეშვეობით. ვილიარდიც კმაყოფილია: "მიხარია, როცა სანდრო თავის თავზე იღებს ხოლმე და თამამად ესვრის. ეს ჩვენ ძალიან გვიადვილებს თამაშის მოგებას", - ამბობს მწვრთნელი. 

რაც შეეხება NBA-ს პოტენციალს, ზაზა ფაჩულია ბედნიერი იქნება, თუ კიდევ ერთი "პატარა ძმა" შეძლებს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში თამაშს. "როგორც ადამიანმა, რომელსაც კარგად ესმის NBA, მე შემიძლია მას რეკომენდაციები მივცე. დანარჩენი კი მხოლოდ მის ხელშია - მან მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოს", - ასკვნის ზაზა. 

კომენტარები

ბოლო ამბები