Thumbnail
  • დინამო ბათუმმა სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერი განახორციელა
  • საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მათე ცინცაძე დაიმატა
  • ნახევარმცველი ბოლოს ლატვიურ იელგავაში თამაშობდა

დინამო ბათუმმა სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერი სრულყო - აჭარულმა კლუბმა ლატვიური იელგავადან მათე ცინცაძე გადაიბირა. ცენტრალურმა ნახევარმცველმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცინცაძე დინამო ბათუმში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა - მას ლატვიელებთან შეთანხმება ჰქონდა, რომ სხვა კლუბის დაინტერესების შემთხვევაში, ტრანსფერს ხელს არ შეუშლიდნენ. ცინცაძეს იელგავასთან კონტრაქტი კიდევ 6 თვით აკავშირებდა, მაგრამ ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. პოპსპორტი საქართველოში დაბრუნებული 24 წლის ფეხბურთელის ინტერვიუს გთავაზობთ.

popsport: საქართველოში დაბრუნდი და ახლა დინამო ბათუმის ფეხბურთელი ხარ. გაგვიზიარე შენი აზრი ბათუმურ კლუბზე და მის გულშემატკივრებზე.

ცინცაძე: დინამო ბათუმის მიმართ ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი. ფეხბურთელისთვის გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია, აჭარულ კლუბს ძალიან მაგარი ფანები ყავს. ბათუმში ხალხს ფეხბურთი უყვარს. ლატვიიდან მათ თამაშებს ვუყურებდი და სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა. საქართველოში თამაშისას, დინამო ბათუმთან რამდენიმე შეხვედრის გამართვა მომიწია და სტადიონი ყოველთვის სავსე იყო. ეს ფეხბურთელისთვის უდიდესი მოტივაციაა.

წაიკითხეგანსაკუთრებული ხალხი - დინამო ბათუმის ფანები მთელი სეზონი შეუდარებლები იყვნენ

popsport: რა გეგმები გაქვს დინამო ბათუმში?

ცინცაძე: აჭარულ გუნდში უმაღლესი გეგმები მაქვს. მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესაც ვესაუბრე და მეორე ადგილს აღარ დავჯერდებით. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა. გარდა ამისა, გვსურს, რომ საქართველო ევროპალიგაში ვასახელოთ.

popsport: ბოლოს იელგავაში თამაშობდი. როგორი სიტუაციაა ლატვიურ ფეხბურთში და რით განსხვავდება იგი ქართულისგან?

ცინცაძე: ლატვიის ჩემპიონატი ნორმალური დონისაა. ყველა გუნდი ბუნებრივსაფარიან მოედანზე თამაშობს, თუმცა ხალხი სტადიონზე არ დადის და თამაშების უმეტესობას მცირე რაოდენობის გულშემატკივარი ესწრება. მათი ჩემპიონატის და ჩვენი ეროვნული ლიგის დონე თითქმის ერთნაირია. ლატვიური კლუბი რიგა წელს ევროპალიგის პლეიოფში იყო და ჯგუფურ ეტაპამდე ცოტა დააკლდა. (რიგამ პლეიოფში კოპენჰაგენთან ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგო). ლატვიაში ცხოვრებისას სირთულეები არ მიგრძვნია, პირიქით, გუნდში კარგი სიტუაცია იყო და ყველაფერი გამიადვილდა. კლუბში ქართველი ირაკლი ბიძინაშვილი დამხვდა და ყველაფერს მალევე შევეჩვიე. საქართველოდან არასტაბილურობის გამო წავედი. ქუთაისის ტორპედოში თამაშისას გუნდს დაშლა რამდენჯერმე დაემუქრა და გადავწყვიტე, ქვეყანა დამეტოვებინა.

'ვფიქრობ, საქართველოში დაბრუნება წინ გადადგმული ნაბიჯია' - მათე ცინცაძე

popsport: საქართველოში რამდენიმე კლუბში გითამაშია. რატომ გადაწყვიტე დაბრუნება და რატომ აირჩიე დინამო ბათუმი? იყო თუ არა შემოთავაზება სხვა კლუბებისგან?

ცინცაძე: ლატვიაში კონტრაქტს ვადა 6 თვეში გასდიოდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან წინასწარი შეთანხმება მქონდა, რომ თუ სხვა კლუბი ჩემით დაინტერესდებოდა, გუნდი წასვლაში ხელს არ შემიშლიდა. იელგავამ ახალი, უკეთესი კონტრაქტი შემომთავაზა, თუმცა ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის საქართველოში დაბრუნება კარგი იქნება და ეს წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. შემოთავაზებები იყო სხვა ქართული კლუბებიდანაც, თუმცა დინამო ბათუმში თამაში რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. პირველ რიგში, აქ ძალიან კარგი გულშემატკივარია. კიდევ ერთი მიზეზი გია გეგუჩაძეა - მასთან ადრე დინამო თბილისში მითანამშრომლია და კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, ფეხბურთით სიამოვნებას საქართველოში უფრო მეტად მივიღებ, ვიდრე ლატვიაში. შემოთავაზებები იყო სლოვაკური და ყაზახური გუნდებიდან, თუმცა კონკრეტული არაფერი ყოფილა. გარკვეული მიზეზების გამო, უცხოურ კლუბებში ჩემი ტრანსფერი არ შედგა.

დინამო ბათუმი | სეზონი 2019

მეორე ლიგიდან გადმოსულმა გუნდმა სეზონი ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა! 💥💙 FC Dinamo Batumi 🥂

Posted by popsport on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2019

popsport: დინამო ბათუმი ევროპალიგის საკვალიპიკაციო ეტაპზე ითამაშებს. რა მოლოდინი გაქვს?

ცინცაძე: მოლოდინები დიდია. მოედანზე მოსაგებად და მიზნის მისაღწევად გავდივარ. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბათუმში ახლი სტადიონი შენდება და ვფიქრობ, რომ კლუბს ეს ევროპალიგაზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ამ ფორმაციის დინამო ბათუმს შესწევს ძალა, რომ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები