Thumbnail
  • 📅 7 დეკემბერი | ⌚ 00:00 | 🏀 ბასკონია V ანადოლუ ეფესი 
  • თორნიკე შენგელია ყოფილ თანაგუნდელებს გაეჯიბრება

თორნიკე შენგელიას ბასკონიას ევროლიგის მე-12 მატჩში პრინციპული დაპირისპირება ელის. ბასკონიელები 6 დეკემბერს გვიან ღამით ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ ანადოლუ ეფესს ეთამაშებიან.

თურქულ კლუბს სეზონში მხოლოდ 2 მარცხი აქვს და ბევრისთვის მოულოდნელად პირველ ადგილზე იმყოფება, ამდენად, არცთუ კარგ ფორმაში მყოფ ბასკონიასთან ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.

შენგელიამ მომავალი მატჩის შესახებ ესპანელ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ამ დროისთვის ანადოლუ ეფესი ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამდენად, მათ წინააღმდეგ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ”.

როგორც აღვნიშნეთ, ბასკონიას ცუდი დროება უდგას და 5 მოგებითა და 6 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფება, რაც პლეი ოფში თამაშის საშუალებას არ იძლევა. მიუხედავად ამისა, თოკო ქომაგებს ერთგულებისგან მოუწოდებს.

“იმედი მაქვს, მათ ჩვენდამი რწმენა არ გაუნელდებათ. გულშემატკივრებს ბუესა არენაზე დაგეგმილ საშინაო მატჩზე მოუთმენლად ველით”.

ცნობისთვის, შენგელია ბასკონიელთა ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ევროლიგის ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

ქართველ კალათბურთელს მინიმუმ 10 ქულა ზედიზედ 12 მატჩში აქვს ჩაგდებული, მიჯრით 10 შეხვედრაში მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი მინიმუმ ათს უტოლდება, მინიმუმ 1 სამქულიანი კი ბოლო 10 მატჩიდან 9-ში ჩაუგდია.

შენგელიას საშუალოდ მოგროვებული 18.7 ქულით ევროლიგაში მე-4 ადგილი უკავია, საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტით (21.7) მესამეა, მოხსნების (6.5) მიხედვით კი – მეექვსე.

ერთი საინტერესო დეტალიც. ანადოლუ ეფესის უკანა ხაზის ლიდერებად ფრანგი როდრიგ ბობუა და ამერიკელი შეინ ლარკინი გვევლინებიან, რომლებიც ბასკონიას ყოფილი კალათბურთელები არიან.

ლარკინი ევროლიგის ბოლო ტურის გმირიც გახდა, როდესაც მიუნხენის ბაიერნს სარეკორდო 49 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 12-დან 10 სამქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო) ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი მეტოქე 104:75 გაანადგურა.

კომენტარები

ბოლო ამბები