Thumbnail
  • ბაიერნის ხელმძღვანელები ახალი მწვრთნელის ძებნას აგრძელებენ
  • ‘შპორტ ბილდის’ ინფორმაციით, ფავორიტი პსჟ-ს დამრიგებელი თომას ტუხელია
  • პარიზელთა გერმანელი მწვრთნელი მზადაა, ზაფხულში მიუნხენში წავიდეს

მიუნხენის ბაიერნს ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდება და როგორც ჩანს, ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებმა უკვე გადაწყვიტეს, ვის უნდა ჩააბარონ რეკორდმაისტერი.

ბაიერნმა ნიკო კოვაჩი 3 ნოემბერს, მხოლოდ 15-თვიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლა. მიუნხენურ გრანდს მას შემდეგ, დროებით, ჰანსი ფლიკი წვრთნის. ამ უკანასკნელის ხელში გუნდმა კარგი მატჩები ჩაატარა და რაკი ახალი კანდიდატი შერჩეული არ ჰყავდათ, სასურველი მწვრთნელებისგან კი უარი მიიღეს, რეკორდმაისტერის ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ 54 წლის ფლიკმა გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელოს.

ბაიერნის დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი

ბაიერნის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე ახალი მწვრთნელის ძებნას აგრძელებს. ‘კალე’ 2018 წლის შემდეგ ფიქრობს თომას ტუხელზე, რომელიც ჯერ კიდევ მაინცში მუშაობის პერიოდში მოსწონდა.

ჟურნალ Sport Bild-ის პირველი გვერდი

მას მერე ტუხელმა ჯერ დორტმუნდის ბორუსიაში იმუშავა, ახლა კი პარი სენ-ჟერმენის დამრიგებელია. 46 წლის ტუხელს რუმენიგე ფავორიტად ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში მიიჩნევდა, მაგრამ მან და ული ჰიონესმა საბოლოოდ ნიკო კოვაჩი დანიშნეს.

გაზეთ ‘ბილდისა’ და ჟურნალ ‘შპორტ ბილდის’ ინფორმაციით, რუმენიგეს გეგმაა, რომ ახლა მაინც გაიტანოს თავისი და ზაფხულიდან ტუხელი დანიშნოს. როგორც ირკვევა, რუმენიგეს მიზანია, რომ ტუხელი მთავარი მწვრთნელი იყოს, ფლიკი კი - მისი ასისტენტი.

ტუხელი და ფლიკი ერთმანეთს ემეგობრებიან. საინტერესოა ისიც, რომ პსჟ-ს მწვრთნელს ძალიან აფასებს ბაიერნის ყოფილი დამრიგებელი იუპ ჰაინკესი, რომლის სიტყვას რუმენიგესთვის დიდი წონა აქვს. ჰაინკესმა ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში თქვა, ტუხელი ბაიერნის დონის სპეციალისტიაო. კანდიდატებშია ტოტენჰემიდან გაშვებული მაურიციო პოჩეტინოც, მაგრამ ჰაინკესი ამ უკანასკნელის შესაძლო დანიშვნას სკეპტიკურად უყურებს.

იუპ ჰაინკესის აზრით, თომას ტუხელი ბაიერნისთვის იდეალური მწვრთნელი იქნება

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ პოჩეტინო ბაიერნის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის ფავორიტია. მაგრამ ‘ბრაცოს’ ბაიერნის ხელმძღვანელებში არ აქვს იმხელა ‘წონა’, რომ თავისი გაიტანოს. თანაც, არგენტინელმა სპეციალისტმა გერმანული ენა არ იცის და ცნობილია, რომ რეკორდმაისტერში ისეთი მწვრთნელი სურთ, რომელიც გერმანულად ილაპარაკებს. შესაბამისად, პოჩეტინო უშანსოდ ჩანს, ტუხელი კი - იდეალურ კანდიდატად.

პსჟ-ს მწვრთნელმა ბაიერნში მუშაობაზე ახლა უარი იმიტომ თქვა, რომ ფრანგული გრანდის შუა სეზონში მიტოვება არ სურს. ზაფხულიდან კი, Sport Bild-ის ინფორმაციით, ტუხელი მზადაა, ბაიერნი ჩაიბაროს. ‘ბილდი’ კი წერს, რომ ბაიერნში გადაწყვეტილების მიღება 21 დეკემბრამდე სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები