Thumbnail

ჩაკვეტაძე მზადაა! - გენტის მთავარი მწვრთნელი გიორგის განაცხადში აბრუნებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გენტის მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერის მდგომარეობაზე ისაუბრა
  • იეს ტორუპის თქმით, გიორგი ჩაკვეტაძე ფიზიკურად და მორალურადაც მზადაა

როგორც ბელგიური გამოცემა Het Nieuwsblad იუწყება, გენტის ქართველი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნებას სულ მალე უნდა ველოდოთ. ბელგიური გუნდის მთავარი მწვრთნელის იეს ტორუპის განცხადებით, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, დღეს სრულებით მზადაა და დროა, განაცხადში დაბრუნდეს.

"გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების დრო მოვიდა. ის მზადაა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურლად. შესაბამისად, გუნდის განაცხადში მის შეყვანას ვითხოვ", - ამბობს გენტის თავკაცი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე ოპერაცია გაზაფხულზე გაიკეთა და მას შემდეგ არ უთამაშია. გენტის ქართველმა ლეგიონერმა ვარჯიში ამ შემოდგომით განაახლა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდებოდა

Het Nieuwsblad წერს, რომ გენტში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე კონკურენცია ძალიან მაღალია, სადაც ამჟამად კანადელი ტალანტი ჯონათან დევიდი ბრწყინავს. შესაბამისად, ჩაკვეტაძეს ადგილის დასამკვიდრებლად გარკვეული დრო დასჭირდება.

გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დევიდი

ბელგიის ჟუპილერ ლიგაში გასული 17 ტურის შემდეგ გენტს 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გუნდს ჩემპიონატში მომდევნო მატჩი 4 დეკემბერს უწევს - სტუმრად შარლერუასთან. 

გენტი წარმატებულად გამოდის ევროპალიგაშიც, სადაც ხუთი ტურის შემდეგ I ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები