Thumbnail
  • მედიამ 2019 წლის ოქროს ბურთის ხმის მიცემის შედეგები გაასაჯაროვა
  • ევროპასა და აზიაში ლიონელ მესიზე წინ ვირჯილ ვან დაიკი დააყენეს 

2019 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოსავლენი გამოკითხვის შედეგები გასაჯაროვდა. 

პარიზში გამართულ დაჯილოდოების ცერემონიალზე გამარჯვებულად ლიონელ მესი გამოცხადდა. ბარსელონას არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯილდო კარიერაში მეექვსედ მოიპოვა. ხმის მიცემის შედეგად, მეორე ადგილზე ლივერპულის ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი გავიდა, ხოლო მესამეზე - ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო. 

📋 მეტი ამ თემაზე:

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლიონელ მესიმ ვირჯილ ვან დაიკს სულ რაღაც 7 ბალით აჯობა. რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, პორტუგალიელი გამარჯვებულს მთელი 203 ბალით ჩამორჩა.

საბოლოო შედეგები

1. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) - 686 ბალი
2. ვირჯილ ვან დაიკი (ჰოლანდია, ლივერპული) - 679
3. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, იუვენტუსი) - 476
4. სადიო მანე (სენეგალი, ლივერპული) - 347
5. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, ლივერპული) - 176
6. კილიან მბაპე (საფრანგეთი, პარი სენ-ჟერმენი) - 89
7. ალისონ ბეკერი (ბრაზილია, ლივერპული) - 67
8. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბაიერნი) - 44
9. ბერნარდო სილვა (პორტუგალია, მანჩესტერ სიტი) - 41
10. რიად მაჰრეზი (ალჟირი, მანჩესტერ სიტი) - 33.

ვან დაიკმა მესის დუელი ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონში მოუგო 

როგორც ირკვევა, ევროპის კონტინენტის მასშტაბით ხმის მიცემაში უპირატესობა ვან დაიკს ჰქონდა. მან 231 ბალი მოაგროვა, მესიმ კი - 194. ჰოლანდიელის უპირატესობა დაფიქსირდა აზიაშიც - 155 ბალი 134-ის წინააღმდეგ. 

არგენტინელმა სუპერვარსკლავმა საბოლოო გამარჯვებას პლანეტის დანარჩენ კონტინენტებზე მოპოვებული უპირატესობით მიაღწია. სამხრეთ ამერიკაში მესიმ 47 ბალი მიიღო, ვან დაიკმა - 39.

არგენტინელისა და ჰოლანდიელის ბალები, შესაბამისად, ჩრდილოეთ ამერიკაში იყო - 102:86, ოკეანიაში - 22:14, აფრიკაში - 187:154. სხვათა შორის, აფრიკაში მეორე ადგილზე სულაც ვირჯილ ვან დაიკის თანაგუნდელი ლივერპულში, სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე გავიდა (170).

რონალდო პარიზში არც ჩასულა, ჯილდოები კრიშტიანომ იტალიაში მიიღო

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემაში ლიდერთა სამეულში პირველ ადგილზე ვირჯილ ვან დაიკი უფრო მეტჯერ (69) დასახელდა, ვიდრე - ლიონელ მესი (61). 

კომენტარები

ბოლო ამბები