Thumbnail

‘როჯერი კიდევ მოიგებს დიდ სლემს’ - მარტინა ჰინგისმა ფედერერზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჰინგისი ფედერერის შესაძლებლობებით გაოცებულია
  • მარტინა ფიქრობს, რომ როჯერი 2020 წელსაც უმაღლეს დონეზე ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარტინა ჰინგისმა Metro-სთან ინტერვიუში როჯერ ფედერერის შესახებ ისაუბრა. 39 წლის შვეიცარიელი გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, რომ მასზე ერთი წლით უმცროსი როჯერი დღემდე უმაღლეს დონეზე თამაშობს. ჰინგისის აზრით, ფედერერს ჯერ კიდევ შეუძლია დიდი სლემის ტურნირის მოგება და საკუთარი გრანდიოზული რეკორდის (20 ტრიუმფი დიდი სლემის ტურნირებზე) გაუმჯობესება.

“ეს მართლაც გასაოცარია. განსაკუთრებული ეფექტიანობა და უდიდესი გამოცდილება როჯერს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს თავისი ფიზიკური კონდიციები. იგი არ ნებდება და სურს, რომ თავისი რეკორდები კიდევ გააუმჯობესოს,” - განაცხადა ჰინგისმა.

'ალბათ ამაზე ხშირად ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, მის ადგილზე მე ხშირად ვიფიქრებდი'

მარტინას აზრით, ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება როჯერს თავდაჯერებას შემატებს: “დაუჯერებელია იმის ნახვა, თუ როგორ აგრძელებს ფედერერი თამაშს ამ ასაკში, ასეთ უმაღლეს დონეზე. უკვე თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც როჯერმა დიდი სლემის ტურნირი ბოლოს მოიგო. ალბათ ამაზე ხშირად ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, მის ადგილზე მე ხშირად ვიფიქრებდი ამ ფაქტზე. თუმცა მან ახლა ჯოკოვიჩზე გარკვეული რევანში აიღო. ნოვაკის დამარცხების შემდეგ როჯერი დარწმუნდებოდა, რომ მას მომავალშიც შეუძლია ნოლესთან გამარჯვება,” - ამბობს ჰინგისი.

როჯერ ფედერერი და მარტინა ჰინგისი

დიდი სლემის ტურნირების 5-გზის გამარჯვებულმა ჰინგისმა ინტერვიუში დასძინა, რომ მისი აზრით, ფედერერს დიდი სლემის ტურნირების მოგება ჯერ კიდევ შეუძლია და როჯერი გაისადაც ფავორიტი იქნება - განსაკუთრებით უიმბლდონზე.

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერს კარიერაში 20 დიდი სლემი აქვს მოგებული, რაც რეკორდია. ავსტრალიის ღია პირველობა მან 6-ჯერ მოიგო (2004, 2006, 2007, 2010, 2017, 2018), როლან გაროსი - ერთხელ (2009), უიმბლდონი - 8-ჯერ (2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009, 2012, 2017), ხოლო აშშ-ის ღია პირველობა კი - 5-ჯერ (2004, 2005, 2006, 2007, 2008).

კომენტარები

ბოლო ამბები