Thumbnail
  • ზენიტთან მატჩის დროს, ანანიძეს თანაგუნდელთან კონფლიქტი მოუვიდა
  • მოსკოვის სპარტაკში კრება ჩაატარეს და ინციდენტის მონაწილეები დასაჯეს
  • ქართველ და პარაგვაელ ფეხბურთელებს ფინანსური ჯარიმა დაეკისრათ  

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კლუბმა ჯარიმით დასაჯა. ამის მიზეზი რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, სტუმრად სანკტ პეტერბურგის ზენიტთან გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი გახდა, რომლის მონაწილეებიც თანაგუნდელები - ჯანო ანანიძე და ლორენსო მელგარეხო გახდნენ.

სანკტ პეტერბურგში, "გაზპრომ არენაზე" ჩატარებული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მოსკოველთა 27 წლის ქართველი ფეხბურთელი მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ მოედანზე 73-ე წუთზე შეუშვა. მალევე ჯანოსა და მის პარაგვაელ თანაგუნდელს მოედანზე ურთიერთობა დაეძაბათ, თუმცა  კონფლიქტი შელაპარაკებასა და შუბლით მიწოლის იქით აღარ წასულა.

📺 ანანიძისა და მელგარეხოს კონფლიქტი

თამაშის შემდეგ სპარტაკის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პირადად მას ეპიზოდი შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა დასძინა, რომ მოგვიანებით ვიდეოჩანაწერს ნახავდა და გადაწყვეტილებასაც მიიღებდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სპარტაკში ტედესკოს ხელმძღვანელობით კრება ჩატარდა, სადაც ჯანო ანანიძისა და ლორენსო მელგარეხოს ინციდენტი განიხილეს და ფეხბურთელების ფინანსური სანქციით დასჯის გადაწყვეტილებაც მიიღეს. თავდაპირველად ჯარიმის ოდენობად 5-ნიშნა თანხა დასახელდა, თუმცა მოგვიანებით რუსმა ჟურნალისტებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და დაწერეს, რომ დაპირისპირებულ ფეხბურთელებს მხოლოდ ორ-ორი ათასი ევროს გადახდა დაეკისრათ. 

ზენიტთან მატჩში ცვლილებაზე შესულ ჯანო ანანიძეს კონფლიქტი თანაგუნდელთან მოუვიდა

მიმდინარე სეზონში ჯანო ანანიძემ მოსკოვის სპარტაკის მაისურით რუსეთის პრემიერლიგის 6 მატჩში ითამაშა - 4 ძირითადში, 2 შეცვლაზე. ქართველი ნახევარმცველი შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

მოსკოვის სპარტაკს რუსეთის პრემიერლიგაში გასული 18 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ჯანოს გუნდი 8 დეკემბერს, შინ როსტოვთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები