Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდო ოქროს ბურთის ღონისძიებას არ დაესწრო
  • პორტუგალიელი სერია A-ს დაჯილდოებაზე იმყოფებოდა
  • იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ CR7 ბოლო მომენტამდე მანქანაში იჯდა

კრიშტიანო რონალდო არ ესწრება ხოლმე ისეთ დაჯილდოებებს, სადაც მას საუკეთესოდ არ აღიარებენ და ეს უკვე ყველამ იცის. ზაფხულშიც, როცა ფიფამ წლის ფეხბურთელი დაასახელა, იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი ღონისძიებაზე არ მივიდა და ამის ნაცვლად ტვიტერში დაპოსტა, რომ იმ დროს წიგნს კითხულობდა.

რონალდო არც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ჩავიდა, თუმცა ამ შემთხვევაში გასამართლებელი მიზეზი ჰქონდა. პარიზში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ 2018/2019 წლების სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა და კრიშტიანო სწორედ Gran Galà del Calcio-ზე იმყოფებოდა. პორტუგალიელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს.

‘გაძეტა დელო სპორტი’ წერს, რომ ეს ღონისძიება სპეციალურად დაინიშნა ოქროს ბურთის გადაცემის პარალელურად, რათა კრიშტიანოსთვის არავის დაესვა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩავიდა პარიზში.

თუმცა CR7-ს მეორე დღეს მაინც ნეგატიური გამოხმაურება აქვს. იტალიელი ჟურნალისტი ტანკერდი პალმერი წერს, რომ კრიშტიანო რეალურად არც სერია A-ს დაჯილდოებას დაესწრო ნორმალურად: “რა სიგიჟეა! რონალდო ცერემონიის დროს თავის ავტომობილში იჯდა და ღონისძიებაზე არ შედიოდა მანამდე, სანამ მისი დაჯილდოების დრო არ მოვიდა. როცა ამის დრო მოვიდა, ბოლოს და ბოლოს მანქანიდან გადმოვიდა და დარბაზში შევიდა, მისი დაცვის თანამშრომლები კი კამერებს ფანრებს ანათებდნენ, რომ ეს არ გადაეღოთ,” - წერს პალმერი სოციალურ ქსელებში.

    იტალიის სერია A ძალიან რთული ლიგაა, - განაცხადა კრიშტიანომ საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო თავდამსხმელის პრიზის მიღების შემდეგ, - ვამაყობ, რომ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო თავდამსხმელად დამასახელეს. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ხმა მომცეს. იმედი მაქვს, ამ პრიზებს გაისადაც მე მოვიგებ.”

    იტალიაში პრიზები ასე გადანაწილდა:

    საუკეთესო მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)

    საუკეთესო მცველები: ჟოაო კანსელო (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), ალეკსანდარ კოლაროვი (რომა).

    საუკეთესო ნახევარმცველები: მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი), იოსიპ ილიჩიჩი (ატალანტა), ნიკოლო ბარელა (კალიარი/ინტერი)

    საუკეთესო თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), დუვან საპატა (ატალანტა), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

    სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)

    საუკეთესო გუნდი: ბერგამოს ატალანტა

    საუკეთესო მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა)

    საუკეთესო მსაჯი: ჯანლუკა როკი

    საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: სანდრო ტონალი (ბრეშა)

    დაბოლოს: ჯერ კიდევ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიამდე, რონალდო ლივერპულის ვარსკვლავმა ვირჯილ ვან დაიკმა გააკრიტიკა. კითხვაზე, რას ფიქრობს რონალდოს სახით ერთი კონკურენტის ჩამოშორებაზე, ჰოლანდიელმა ასე უპასუხა: “რონალდო საერთოდ კონკურენტი იყო?”

    კრიშტიანოს ვან დაიკის ეს სიტყვები არ მოეწონება...

    📋 მეტი ამ თემაზე:

    კომენტარები

    ბოლო ამბები