Thumbnail
  • ქართველ მოჭადრაკეს საპრიზო ადგილამდე ცოტა დააკლდა
  • მონაკოში თავი ჩიბურდანიძემ და გაფრინდაშვილმაც გამოიჩინეს 

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა მონაკოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში 8.0 ქულით მესამე-მერვე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, საპატიო მე-4 პოზიცია ერგო.

აღსანიშნავია, რომ ბაციაშვილს მხოლოდ მე-10 რეიტინგი გააჩნდა, ამდენად, აღნიშნული შედეგი წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

მაია ჩიბურდანიძე

ნინომ 11 ტურში 6 პარტია მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთში დამარცხდა რუს ოლგა გირიასთან (9 ქულა), რომელმაც საბოლოოდ ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ჩემპიონობა კი კიდევ ერთმა რუსმა, მსოფლიოს ექსჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა იზეიმა, რომელმაც თანამემამულეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

სწრაფ ჭადრაკშივე მაია ჩიბურდანიძემ 6.5 ქულა დააგროვა და მე-3 შედეგი აჩვენა 50+ მოჭადრაკეთა შორის, ხოლო ნონა გაფრინდაშვილი 6 ქულით 65+ მოჭადრაკეებში საუკეთესო იყო.

მონაკოშივე ელვისებურ ჭადრაკში შეჯიბრიც შედგა, სადაც 13 ტურში აღებული 10.0 ქულით ოქროს მედალი ასევე კოსტენიუკმა (რუსეთი) დაისაკუთრა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), 3. ვალენტინა გუნინა (რუსეთი), 4. მარი სება (საფრანგეთი), 5. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), 6. ალინა კაშლინსკაია (რუსეთი).

ნანა ძაგნიძემ 8.5 ქულა მოაგროვა, მეათე-მეთოთხმეტე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-13 იყო.

ჩიბურდანიძემ 7.5 ქულა 50+ მოჭადრაკეებს შორის პირველი-მეორე ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლს დასჯერდა, ხოლო გაფრინდაშვილი 65+ მონაწილეებში 7.0 ქულით საუკეთესო გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები