Thumbnail
  • ლიონელ მესი ყველა დროის რეკორდსმენი გახდა
  • არგენტინელმა ვარსკვლავმა ჯილდო ლუკა მოდრიჩისგან გადაიბარა
  • კრიშტიანო რონალდო ცერემონიალს კვლავ არ დასწრებია

2 დეკემბერს პარიზში "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ტრადიციული ცერემონიალი გაიმართა, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც წარსულში ცნობილი კოტ დ'ივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა გახლდათ. ავტორიტეტული ფრანგული ჟურნალის France Football-ის პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი ესპანური ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მეექვსედ მოიპოვა და ამით, ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

Ballon d'Or 2019

1. ლიონელ მესი (არგენტინა)
2. ვირჯილ ვან დაიკი (ჰოლანდია)
3. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
4. სადიო მანე (სენეგალი)
5. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე)
6. კილიან მბაპე (საფრანგეთი)
7. ალისონ ბეკერი (ბრაზილია)
8. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)
9. ბერნარდო სილვა (პორტუგალია)
10. რიად მაჰრეზი (ალჟირი)

საინტერესოა, რომ გასული წლის მსგავსად, საზეიმო ცერემონიალს ამჯერადაც არ დასწრებია კრიშტიანო რონალდო, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა, მე-2 პოზიციაზე გამწესებულმა ვირჯილ ვან დაიკმა კი პორტუგალიელს კბილი გაჰკრა. ჟურნალისტის კითხვაზე - "კრიშტიანო არ ჩამოსულა, ერთი კონკურენტი მოგაკლდათ?", ჰოლანდიელმა კითხვითვე უპასუხა: "იყო კი ის კონკურენტი?".

ქალთა Ballon d'Or 2019

წლეულს მეორედ გათამაშდა "ოქროს ბურთი" ქალთა შორის და ამჯერად, ჯილდო ვაშინგტონის რეინის ამერიკელ ნახევარმცველ მეგან რაპინოს გადაეცა. მან ინგლისის ნაკრების წევრ ლუსი ბრონზის (ლიონი) და თანამემამულე ალექს მორგანს (ორლანდო) აჯობა.

1. მეგან რაპინო (აშშ) 
2. ლუსი ბრონზი (ინგლისი)
3. ალექს მორგანი (აშშ)

Yachine Trophy 

წლეულს პირველად იქნა დაწესებული რუსი გოლკიპერის ლევ იაშინის სახელობის ჯილდო, რომელიც შესაბამისად წლის საუკეთესო მეკარეს გადაეცა. ნომინაციაში გამარჯვებული ინგლისური ლივერპულის კარის დარაჯი ალისონ ბეკერი გახდა, სამეულში კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) და ედერსონ მორაესი (მანჩესტერ სიტი) მოხვდნენ.

1. ალისონ ბეკერი (ბრაზილია) 
2. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია)
3. ედერსონ მორაესი (ბრაზილია)

ალისონ ბეკერი

Kopa Trophy

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა (U21) ფეხბურთელის ჯილდო 20 წლის ჰოლანდიელ მატეის დე ლიხტს გადაეცა, რომელმაც გასული სეზონი ამსტერდამის აიაქსში გაატარა, შემდეგ კი ტურინის იუვენტუსს მიაშურა. დე ლიხტს პრიზი, რომელიც ლეგენდარული რაიმონ კოპას სახელს ატარებს, პსჟ-ს ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ გადასცა. ამ უკანასკნელმა აღნიშნული ტიტული 2018 წელს დაიმსახურა. სამეულში ინგლისელი ჯეიდონ სანჩო (ტოტენჰემი) და პორტუგალიელი ჟოაო ფელიქსიც (ატლეტიკო) მოხვდნენ.

1. მატეის დე ლიხტი (ჰოლანდია)
2. ჯეიდონ სანჩო (ინგლისი)
3. ჟოაო ფელიქსი (პორტუგალია)

მატეის დე ლიხტი

ჟურნალი France Football ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს.

საინტერესოა, რომ 2008-2017 წლებში "ოქროს ბურთს" მხოლოდ მესი და რონალდო ინაწილებდნენ. არგენტინელს ჯილდო 2009-2012 და 2015 წლებში ჰქონდა მოგებული, პორტუგალიელს კი - 2008, 2013-2014, 2016-2017 წლებში. აი, შარშან კი, პრიზი მოულოდნელად ხორვატ ლუკა მოდრიჩს გადაეცა, რომელმაც რონალდოს გაუსწრო, მესი კი საერთოდაც მე-5 ადგილზე დარჩა.

XXI საუკუნის ყველა გამარჯვებული

2001 მაიკლ ოუენი (ინგლისი)
2002 რონალდო (ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
2004 ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
2005 რონალდინიო (ბრაზილია)
2006 ფაბიო კანავარო (იტალია)
2007 კაკა (ბრაზილია)
2008 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2009 ლიონელ მესი (არგენტინა)
2010 ლიონელ მესი (არგენტინა)
2011 ლიონელ მესი (არგენტინა)
2012 ლიონელ მესი (არგენტინა)
2013 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2014 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2015 ლიონელ მესი (არგენტინა)
2016 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2017 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2018 ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
2019 ლიონელ მესი (არგენტინა)

როგორც აღვნიშნეთ, ლეოს 6 "ოქროს ბურთი" მოუგროვდა და აღნიშნულ სიაში ერთპიროვნულ ლიდერად იქცა, რონალდოს 5 ჯილდო შერჩა, 3-3 პრიზი აქვთ მოპოვებული მიშელ პლატინის (საფრანგეთი), იოჰან კრუიფსა (ჰოლანდია) და მარკო ვან ბასტენს (ჰოლანდია), 2-2-ჯერ იმარჯვეს ფრანც ბეკენბაუერმა (გერმანია), რონალდომ (ბრაზილია), ალფრედო დი სტეფანომ (ესპანეთი) და კევინ კიგანმა (ინგლისი).

კომენტარები

ბოლო ამბები