Thumbnail

ანჩელოტიმ ფეხბურთელები ბაზაზე გამოკეტა – ნაპოლიში კრიზისი გრძელდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იტალიურ გუნდს სხვადასხვა ტურნირებზე უკვე 8 მატჩია არ მოუგია
  • მოთამაშეების მორჯულება ვერც ნაპოლის პრეზიდენტმა მოახერხა

ნაპოლიში არსებული კრიზისი კიდევ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გადაწყვეტილება მიიღო ფეხბურთელები 4 დღით გუნდის ბაზაზე გამოკეტოს და მათი მორჯულება ამ ხერხით სცადოს.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს გასულ ტურში ნეაპოლელებმა ბოლონიასთან წააგეს, საერთო ჯამში კი, უკვე 8 მატჩია არ უმარჯვიათ. არსებობს ვარაუდი, რომ ფეხბურთელებს ანჩელოტის გაშვება სურთ და მინდორზე დიდად არ იხარჯებიან.

ნაპოლიში რომ არაჯანსაღი ვითარებაა, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც შეატყო და ორიოდ კვირის წინ, ფეხბურთელებს შინ წასვლა მანაც აუკრძალა, თუმცა, მაშინ მოთამაშეები მითითებას არ დაემორჩილნენ და ბაზაზე დარჩენაზე უარი განაცხადეს.

მაშინ დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს ფინანსური სასჯელი დააკისრა, რითაც ისინი კიდევ უფრო გააბრაზა და არსებულ შედეგსაც მივადექით.

ნაპოლი, რომელიც პარალელურად ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს, იტალიის სერია A-ში 20 ქულით მხოლოდ მეშვიდეა და ლიდერ მილანის ინტერს უკვე 17 ქულით ჩამორჩება.

ანჩელოტის გუნდს მომდევნო შეხვედრა უდინეზესთან 7 დეკემბერს ელის და თუკი არაფერი შეიცვალა, მანამდე, ფეხბურთელებს ბაზაზე ყოფნა მოუწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები