Thumbnail
  • რომას ნახევარმცველის გადაბირებაზე სერია A-ს ლიდერები ფიქრობენ
  • 23 წლის ფეხბურთელმა კლუბი შესაძლოა ამ ზამთარსვე გამოიცვალოს 

რომას ნახევარმცველმა ლორენცო პელეგრინიმ, რომელსაც იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ტალანტადაც მოიხსენიებენ, შესაძლოა კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიცვალოს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელით სერია A-ს ლიდერები, მილანის ინტერი და ტურინის იუვენტუსი ინტერესდებიან.

ლორენცო პელეგრინის რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მანამდე დაიწერა, რომ ნახევარმცველი რომასთან ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას მომავალ წელს გეგმავს. შესაბამისად, ინტერი და იუვენტუსი შეეცდებიან, ტრანსფერი მანამდე განახორციელონ. 

ლორენცო პელეგრინიმ ნაკრებში სადებიუტო გოლი სტუმრად სომხეთთან მატჩში (3:1) გაიტანა

იუწყებიან, რომ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელის მსურველ კლუბს ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

ლორენცო პელეგრინი რომას აღზრდილია. იტალიელმა ნახევარმცველმა პროფესიონალური კარიერა 2015/16 წლების სეზონში, სასუოლოში დაიწყო, მშობლიურ კლუბში კი 2017 წლის ზაფხულში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში ლორენცომ სერია A-ს 8 მატჩში ითამაშა და 6 საგოლე პასით გამოირჩა. კიდევ 2 შეხვედრა ნახევარმცველმა ევროპალიგაზე ჩაატარა, სადაც მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.

ლორენცო პელეგრინი იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის მაისიდან გამოდის. "სკუადრა აძურაში" ჩატარებულ 12 შეხვედრაში მან 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები