Thumbnail

განსაკუთრებული ხალხი - დინამო ბათუმის ფანები მთელი სეზონი შეუდარებლები იყვნენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ანგისას ბაზა 1600 გულშემატკივარზეა გათვლილი
  • ბათუმელთა ყველა საშინაო მატჩს გაცილებით მეტი ადამიანი ესწრებოდა
  • დინამო ბათუმი - დინამო თბილისის შეხვედრას 7 000 გულშემატკივარი დაესწრო

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი დაძაბული გამოდგა. საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდა. ტიტული დინამო თბილისმა მოიგო, დინამო ბათუმმა მეორე ადგილი დაიკავა. ეროვნულ ლიგაში ახლადაღზევებული გუნდისთვის ვიცე ჩემპიონობა უდაოდ კარგი შედეგია.

ბათუმელებმა ეროვნული ლიგა უფრო საინტერესო გახადეს და ამაში აჭარული კლუბის ქომაგების წვლილი უდიდესია. ანგისას ბაზაზე დინამოელთა ყველა საშინაო მატჩზე ანშლაგი იყო, რაც სამწუხაროდ, იშვიათი და უჩვეულოა ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის. 

დინამო ბათუმი საშინაო მატჩებს ანგისე ატარებდა, სადაც მხოლოდ ერთი, 1600 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნაა. თუმცა, ბათუმელთა მატჩებს როგორც წესი გაცილებით მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა. არაოფიციალური მონაცემებით, მინიმუმ 2 500-3 000 ქომაგი თითქმის ყველა მატჩზე იყო, რამდენიმე შეხვედრას კი გაცილებით მეტი ადამიანი დაესწრო.

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

📸 დინამო ბათუმის ფანები

განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების მატჩებმა. მაგალითად, დინამო ბათუმი - დინამო თბილისის მატჩის სანახავად ბაზაზე და მის ირგვლივ 7 000 გულშემატკივარი შეიკრიბა. საბურთალოსთან მატჩს 5 500-მა გულშემატკივარმა მიადევნა თვალი. დინამო ბათუმის ბოლო საშინაო მატჩს რუსთავთან 5 000 ადამიანი დაესწრო.

30-ე ტური: დინამო ბათუმი v დინამო თბილისი - 7000 მაყურებელი

28-ე ტური: დინამო ბათუმი v საბურთალო - 5 500 მაყურებელი

35-ე ტური: დინამო ბათუმი v რუსთავი - 5 000 მაყურებელი

ცალკე სასაუბრო თემაა დინამო ბათუმის ფან კლუბი: 'შავი ზღვის პირატები'. გულშემატკივრთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში ედგა საყვარელ გუნდს. ერთგული და ემოციური ქომაგობა, საინტერესო პერფორმანსები, მხარდაჭერა და გამხნევება როგორც გამარჯვების, ისე მარცხის შემდეგ - ასე უჭერდნენ მხარს 'შავი ზღვის პირატები' დინამო ბათუმს.

გივი გაგუა (შავი ზღვის პირატების ლიდერი)

“8 წელია, რაც შავი ზღვის პირატები დინამო ბათუმს ყველგან და ყოველთვის ვგულშემატკივრობთ. ბუნებრივია, ეს საუკეთესო სეზონი იყო. საწყენია, რომ ჩემპიონობის კარგი შანსი დავკარგეთ, მაგრამ იმედია, გამოვასწორებთ შეცდომებს და მომავალში კიდევ უკეთესად ვითამაშებთ. იმედია, ახალ სტადიონზე კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა და ერთად გავხდებით ჩემპიონები.

გასული სეზონი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ყველა თამაშის წინ ვგემავდი, თუ როგორ უნდა დაგვეჭირა მხარი საყვარელი გუნდისთვის. ბევრ რამეს ჩვენით ვაკეთებდით, მაგრამ სადაც დიდი ხარჯები იყო, იქ უკვე კლუბის ხელმძღვანელები გვეხმარებოდნენ, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მათ. გვქონდა პერფორმანსები და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. მომდევნო სეზონისგან კიდევ უფრო მეტს ველოდებით და რაც მთავარია, ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ”.

ილონა ბოლქვაძე (შავი ზღვის პირატების წევრი)

“ემოციური და ძალიან საინტერესო სეზონი იყო. თავიდან ვერ ვიფიქრებდით, რომ გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა, რადგან ეროვნულ ლიგაში ახალი ამოსულები ვიყავით. თუმცა, ლიდერობამ დაგვარწმუნა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით და შემდეგ, დიდი იყო იმედგაცრუება. მიუხედავად ყველაფრისა, მეორე ადგილი წინ გადადგმული ნაბიჯია და მეამაყება ჩემი გუნდი.

ანგისას ბაზაზე ყოველთვის ათასობით გულშემატკივარი იკრიბებოდა, შავი ზღვის პირატები კი გასვლით მატჩებზეც დავყვებოდით გუნდს. ყველაზე ბევრი, დაახლოებოით 300 ქომაგი წყალტუბოში ვიყავით ტორპედოსთან გასვლით თამაშზე, მინიმუმ 100 კაცი კი ყველგან დავდიოდით. პირადად მე, ყველა, 18-ვე გასვლით თამაშს დავესწარი. მგზავრობის დროსაც და ტრიბუნებზეც ყოველთვის ოპტიმისტური განწყობა გვქონდა. მჯერა, რომ დინამო ბათუმი კიდევ უფრო გაძლიერდება და ახალ სტადიონზე ვიზეიმებთ საქართველოს ჩემპიონობას”.

ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონს დინამო ბათუმი ახალ სტადიონზე შეხვდება, რომელიც 20 000 გულშემატკივარზეა გათვლილი. ბუნებრივია, ახალი არენა კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს მოიზიდავს და ბათუმური გუნდი სავსე ტრიბუნების ფონზე გააგრძელებს თავისი ახალი ისტორიის წერას.

კომენტარები

ბოლო ამბები