Thumbnail

ჭაბუკას მეოთხე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე - ქართველი სტრონგმენის წარმატება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჭაბუკამ წელს პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე
  • ვილნიუსში ქართველმა სტრონგმენმა მეოთხე ადგილი დაიკავა
  • თუ ორი ეტაპის შედეგებს დავაჯამებთ, ის მეორე ადგილზეა

ჭაბუკა ჭიღლაძე 25 წლის ქართველი სტრონგმენია, რომელმაც წელს პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე. კონტინენტის პირველობა 4 ეტაპისგან შედგებოდა, დასკვნითი ეტაპი კი ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა. ჭაბუკას ჩათვლით, ტურნირში 18-მა ძალიან ძლიერმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და კონკურენცია დიდი იყო.

სპორტის სახეობა სტრონგმენი სხვადასხვა მოძრაობებისგან შედგება, სპორტსმენები კი ქულებს აგროვებენ და ბოლოს, ჯამური ცხრილი დგება. პირველი მოძრაობა იყო მორის აწევა, რომელშიც ქართველმა 180-კილოგრამი წონა დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ იყო ფერმერის გასეირნება, სადაც ჭაბუკამ მესამე ადგილი დაიკავა. ორი მოძრაობის შემდეგ, ჭაბუკა ლიდერი იყო საერთო ჩათვლაში.

შემდეგი მოძრაობა იყო ესტაფეთა, სადაც სტრონგმენებს ურთულესი მისიები ჰქონდათ, მათ შორის 150-კილოგრამიანი ფარის 20 მეტრზე გათრევა. სწირედ ამ დროს, ჭაბუკა თიაქარმა შეაწუხა, ბევრი ქულა დაკარგა და მეექვსე ადგილი დაიკავა. შემდეგ 400 კილოგრამი ამოწია 14-ჯერ და ამ მოძრაობაში მეორე ადგილი დაიკავა.

წაიკითხე: ჭაბუკა მიდის ევროზე - ქართველი სთრონგმენის დიდი გამოწვევა

ბოლოს ისევ ესტაფეთა იყო, სადაც სპორტსმენებს ჯერ 400-კილოგრამიანი საბურავი უნდა გადაებრუნებინათ 5-ჯერ, შემდეგ კი 120-კილოგრამიანი ჯაჭვი ეთრიათ 20 მეტრზე. ჭაბუკას ტრავმა კიდევ უფრო გაუმიზეზდა და შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა. საბოლოო ჯამში, ქართველმა სტრონგმენმა შესანიშნავად იასპარეზა და 18 სპორტსმენში მე-4 ადგილი დაიკავა.

2019 წლის ევროპის ჩემპიონატი 4 ეტაპისგან შედგებოდა და მათ შორის ერთი თბილისში, 7 ოქტომბერს ჩატარდა. ჭაბუკამ მხოლოდ ორ ეტაპში მიიღო მონაწილეობა, ორი კი გამოტოვა. შედეგად, საერთო ჩათვლაში მე-9 ადგილი დაიკავა. თუ მხოლოდ იმ ორი ეტაპის შედეგებს დავაჯამებთ, რომლებშიც ქართველმა სტრონგმენმა იასპარეზა, მას მეორე ადგილი უკავია ყველა სპორტსმენს შორის. 

კომენტარები

ბოლო ამბები