Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 104:113 ბოსტონ სელტიკსი
  • ტეიტუმი და ბრაუნი ბოსტონში საუკეთესოები იყვნენ

ბრუკლინთან წაგების შემდეგ, ბოსტონ სელტიკსი მეორე ნიუიორკულ გუნდს - ნიქსს ხვდებოდა. ნიქსი ბოლო წლებში უპირობო აუტსაიდერია, თუმცა ამ გუნდების დაპირისპირება მაინც პრინციპულად მიიჩნევა - ბოსტონი და ნიუ იორკი ყველა ძირითად ამერიკულ სპორტში კონკურენტები არიან და ერთმანეთი არ უყვართ.

ბოლო შეხვედრაში აუტსაიდერმა ნიქსმა ბოსტონს სამ მეოთხედში არაფერი დაუთმო, ანგარიშში წინაც იყო, თუმცა მეოთხე მეოთხედი 13 ქულის სხვაობით დათმო (31:19) და საბოლოოდ კიდევ ერთხელ დამარცხდა.

ბოსტონმა 17 სროლით მეტი შეასრულა და უკეთესად ისროდა პერიმეტრიდან - სელტიკსმა 41-დან 15 სამქულიანი ჩააგდო (ზუსტი სროლების 36.6 პროცენტი), ნიქსმა კი 26-დან 8 სამიანი გამოიყენა (ზუსტი სროლების 30.8 პროცენტი).

ბოსტონს ჯეისონ ტეიტუმმა და ჯეილენ ბრაუნმა ულიდერეს - ტეიტუმსს 30 ქულა ჰქონდა, ბრაუნს კი - 28. სროლა არ წაუვიდა კემბა უოკერს, რომელმაც 18-დან მხოლოდ 6 სროლა ჩააგდო და 16 ქულას დასჯერდა, თუმცა კი 10 შედეგიანი პასით საუკეთესო იყო გათამაშებაში.

ნიუიორკელთაგან ყველაზე მეტი ჯულიუს რენდლმა ჩააგდო - 26 ქულა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბოსტონს 19 თამაშში 14 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთში მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფს მაიამისთან. ლიდერ მილუოკის მხოლოდ ორით ნაკლები წაგება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები