Thumbnail

დონჩიჩის ახალი მსხვერპლი - დალასმა ლებრონს და ლეიკერსს მოუგო

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ლეიკერსი 100:114 დალასი
  • დონჩიჩს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 27 ქულა, 10 პასი
  • დევისი (27 ქულა) და ლებრონი (25 ქულა) დახმარების გარეშე დარჩნენ
  • სენსაციური სტარტის შემდეგ დალასი მეოთხეა

საკალათბურთო დღის მთავარი მატჩი ლოს ანჯელესში შედგა - კონფერენციის ლიდერი ლეიკერსი ლუკა დონჩიჩის დალასს მასპინძლობდა. ამ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას ის ფაქტი სძენდა, რომ MVP-ის, სეზონის საუკეთესო მოთამაშის ორი კანდიდატი, ლებრონი და ლუკა დონჩიჩი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

დალასმა მოულოდნელ გამარჯვებას მიაღწია და დაამარცხა ლეიკერსი, რომელსაც მანამდე ზედიზედ 10 მოგება ჰქონდა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ტექსასელებმა 18 ქულით მოიგეს (35:17). გადამწყვეტი როლი სამქულიანებმა ითამაშეს - ლეიკერსის მსროლელებს პერიმეტრიდან სროლა არ წაუვიდათ და 27 სამქულიანიდან მხოლოდ 7 ჩააგდეს (ზუსტი სროლების 25.9 პროცენტი), რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია, დალასმა კი 49 სამქულიანი ისროლა და 17 ჩააგდო (34.8 პროცენტი).

დალასის ლიდერ ლუკა დონჩიჩს 27 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ორმაგი დუბლი შეასრულა ენტონი დევისმაც - 27 ქულა და 10 მოხსნა. ამ წყვილს ოდნავ ჩამორჩა ლებრონ ჯეიმსი 25 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით.

ლეიკერსის ლიდერებმა კარგად ითამაშეს, თუმცა ისინი დახმარების გარეშე დარჩნენ - კალიფორნიელთა  სხვა არცერთ მოთამაშეს 10 ქულაზე მეტი არ ჰქონია, ხოლო დალასში კი დონჩიჩის გარდა, კიდევ ოთხ მოთამაშეს (მათ შორის კრისტაპს პორზინგისს) ჰქონდა 15 და მეტი ქულა.

მარცხის მიუხედავად ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას ინარჩუნებს, დალასი კი სეზონის მთავარი აღმოჩენაა და 19 თამაშში 13 მოგებით ძალიან კონკურენტულ დასავლეთში მეოთხე პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები