Thumbnail

არჩილ ბერიძე: პირობას ვდებ, ბათუმი მომავალშიც ფეხბურთით იცხოვრებს

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი დასრულდა. დინამო ბათუმი დიდხანს ლიდერობდა, თუმცა საბოლოოდ, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. დასკვნით ტურში, აჭარული გუნდი თბილისის ლოკომოტივთან 1:2 დამარცხდა. დინამო ბათუმის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ პოპსპორტს შთაბეჭდილებები გაუზიარა და განაცხადა, რომ მომავალ სეზონს გუნდი კიდევ უფრო ძლიერი შეხვდება...

შავი ზღვის პირატები მიხეილ მესხზე

არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი)

“სეზონი წარმატებულიც იყო და წარუმატებელიც. გასაგებია, რომ ეროვნულ ლიგაში ახლადაღზევებული გუნდისთვის ვიცე ჩემპიონობა კარგი შედეგია, მაგრამ სეზონის მიმდინარეობიდან გამომდინარე, უკმაყოფილების გრძნობა მაინც გვრჩება. ასეთი დაძაბული ჩემპიონატი ალბათ არასდროს ყოფილა, პირველობისთვის ბოლომდე ვიბრძოდით და დასანანია, რომ მეორე ადგილი დავიკავეთ. თუმცა, ამით არაფერი მთავრდება, პირიქით - იწყება!

ევროპალიგის საგზური მოვიპოვეთ და ღირსეულად უნდა ვიასპარეზოთ. ამიტომ, კარგად მოვემზადებით და აუცილებლად გავძლიერდებით. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელიც გამოიტანს სწორ დასკვნებს, რომ მომავალში კიდევ უფრო ძლიერები ვიყოთ. 

დინამო ბათუმი გულშემატკივრების გუნდია, ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი მხურვალე ქომაგობისთვის და მაგარი მხარდაჭერისთვის. მათ 36 ტურის განმავლობაში აჩვენეს, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი გუნდი. ისინი იმსახურებენ ჩემპიონობას და ვპირდები, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. მომავალ სეზონს ახალ სტადიონზე და ახალი ამბიციებით შევხვდებით. უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა და კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით. პირობას ვდებ, რომ ბათუმი მომავალშიც იცხოვრებს ფეხბურთით”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები