Thumbnail

რატომ გააძევეს შენგელია? ქართველი კალათბურთელი ამერიკელს შუბლით შეასკდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თორნიკე შენგელიამ თამაში ტექნიკური ფოლის გამო ვერ დაასრულა
  • ქართველი კალათბურთელი დასკვნით მეოთხედში მოედანზე აღარ გამოჩენილა

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში მორაბანკ ანდორასთან გასვლით მატჩში ჩვეულად შედეგიანი არ ყოფილა. აღნიშნული მიზეზი ის გახლდათ, რომ ბასკონიელთა კაპიტანს მოედანი ნაადრევად დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ ბასკური კლუბი ანდორელებთან 82:97 დამარცხდა, შენგელიამ კი 25:05 წუთში მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო. თოკოს სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მე-3 მეოთხედის მიწურულს მოუხდა, რასაც წინ მცირე ინციდენტი უძღოდა.

სტუმრები უკვე 16 ქულით აგებდნენ, როდესაც შენგელია მეტოქის ფარისკენ დაიძრა, მის წინ ჯერემი სენგლინი აღიმართა, შეჯახების შემდეგ კი, მსაჯებმა შეტევაში ფოლი დააფიქსირეს.

აღნიშნულით გახარებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ქართველს ნიშნის მოგებით რაღაც მიაძახა, თორნიკე კი, რომელსაც მცირე ფოლებით მთელი შეხვედრის განმავლობაში ავიწროებდნენ და წყობიდან გამოყვანას ცდილობდნენ, ვალში არ დარჩენილა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა სენგლინს შუბლი შუბლზე მიადო და წინ მცირედი მოძრაობაც გააკეთა. კალათბურთელებმა მოჩხუბარნი მალევე გააშველეს, არბიტრებმა კი ვიდეოგამეორების შემდეგ მოსალოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ქართველს, ასევე ამერიკელს ტექნიკური ჯარიმები მისცეს. ვინაიდან თორნიკესთვის ეს მე-5 პერსონალური ფოლი იყო, მას მოედნის დატოვება მოუხდა და მე-4 მეოთხედში საქმეში აღარ ჩართულა.

ბასკონიას ლიგა ენდესაში 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, შენგელია კი, გუშინდელი წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, გუნდში აშკარა ლიდერად რჩება.

ქართველი ლეგიონერის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 30:55 წუთი, 17.5 ქულა, 5.3 მოხსნა, 2.6 პასი, 1.1 ჩაჭრა, 17.9 სარგებლიანობოს კოეფიციენტი.

ბასკონია შიდა ასპარეზზე მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, შინ, ბადალონის ხუვენტუტთან ჩაატარებს, მანამდე კი, 6-ში, ევროლიგის ეგიდით ლიდერ ანადოლუ ეფესს (თურქეთი) დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები