Thumbnail

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში ფამაგუსტას ანორთოსისმა, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ლარნაკაში აეკს 2:1 სძლია.

აღნიშნულ მატჩში სტუმართა მხრიდან მე-2 გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, რომელმაც მურთაზ დაუშვილის მსგავსად შეუცვლელად ითამაშა, გუნდის ძირითადი გოლკიპერი გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა კი განაცხადშიც არ ყოფილან, რაც მოულოდნელი გახლდათ.

როგორც გაირკვა, ამის მიზეზი დისციპლინარული სასჯელი ყოფილა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით დააკისრეს.

კვიპროსული ვებგვერდების ცნობით, ლორიამ და კაჭარავამ გუნდის სადილზე დააგვიანეს, რამაც ქეცბაია გააბრაზა და მან თანამემამულეები აეკთან მატჩისთვის გამზადებულ თერთმეტეულიდან ხომ გამოიყვანა და საერთოდაც, განაცხადს მიღმა დატოვა.

“მათ საშინელება ნამდვილად არ ჩაუდენიათ, თუმცა, ამ ნაბიჯს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი” – ქეცბაიას ამ სიტყვებს alphanews-ი ავრცელებს, რომელიც თავის მხრივ დასძენს, თემურმა, ამით დაამტკიცა, რომ მისთვის გუნდური ინტერესები პირველ ადგილზე დგასო.

ლარნაკაში წარმატებული თამაშის წყალობით, ანორთოსისმა ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა და ნიქოზიის ომონიას ისევ 3 ქულით უსწრებს. თამაშის შემდეგ, ქეცბაია გუნდის თამაშით აშკარად კმაყოფილი იყო.

“ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ. მათ ყველაფერი გაიღეს მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც მოტივაცია ნამდვილად არ აკლდა. მთავარი იყო ბურთზე კონტროლი დაგვემყარებინა, რაც მოვახერხეთ კიდეც. თუკი ასე გავაგრძელებთ, ბევრის მიღწევა შეგვიძლია”.

ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს ჩაატარებენ, როდესაც მე-3 ადგილზე მყოფ ლიმასოლის აელს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები