Thumbnail
  • ჰიუსტონ როკეტსი 158:111 ატლანტა ჰოუკსი
  • ჯეიმს ჰარდენის ისტორიული დღე - მან 60 ქულა 3 მეოთხედში ჩააგდო

კიდევ ერთი სასწაული ჯეიმს ჰარდენისგან!

30 წლის სუპერვარსკვლავმა NBA-ს რეგულარული სეზონის მე-6 კვირაში ჰიუსტონ როკეტსს ატლანტა ჰოუკსთან ტრიუმფალური თამაშით, 158:111 მოაგებინა. ჰარდენმა 60 ქულა დააგროვა და ეს უკვე უდიდესი მოვლენაა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მან ეს 3 მეოთხედში გააკეთა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით: 30 წუთსა და 41 წამში!

“ის, რასაც ჯეიმსი აკეთებს, სხვას არავის შეუძლია!” - განაცხადა ოსტინ რივერსმა მატჩის შემდეგ, - მან 60 ქულა ჩააგდო და მეოთხე პერიოდში აღარ უთამაშია. დამისახელეთ სხვა მოთამაშე, რომელსაც ახლა ლიგაში ეს შეუძლია.”

60 ქულის დაგროვება 3 პერიოდში მართლაც უიშვიათესი ამბავია. წინა 25 სეზონში ასეთი რამ მხოლოდ ორმა მოთამაშემ შეძლო: კლეი ტომპსონმა და კობი ბრაიანტმა.

ჰარდენის კარიერაში ეს მეოთხე 60-ქულიანი თამაშია - ამით ის კალათბურთის ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა. მათზე წინ ისტორიაში მხოლოდ ბრაიანტი (ექვსი 60-ქულიანი მატჩი) და უილტ ჩემბერლენი (32) არიან.

📺 ვიდეო: ჯეიმს ჰარდენის 60 ქულა 3 მეოთხედში 

ჯეიმს ჰარდენმა ტრიუმფალური მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “Nope” - ასეთი იყო მისი პასუხი ჟურნალისტების თხოვნაზე.

სამაგიეროდ, ილაპარაკა მწვრთნელმა მაიკ დ’ანტონიმ, რომელმაც თავისი სუპერვარსკვლავი ბოლო მეოთხედში სკამზე დატოვა: “მისი თამაში და ეს შედეგი დაუჯერებელია,” - განაცხადა 68 წლის სპეციალისტმა. მან ჰარდენს არ მისცა იმის შანსი, რომ საკუთარი რეკორდი (62 ქულა თამაშში) გაეუმჯობესებინა.

როკეტსისთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვება გახლდათ, ატლანტამ კი ზედიზედ მე-10 თამაში წააგო. 13 მოგებით და 6 წაგებით ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, ატლანტა კი - აღმოსავლეთის აუტსაიდერია (4/16).

📺 ვიდეო: ჰიუსტონი 158:111 ატლანტა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები