Thumbnail

ბუქარესტში, საგამოფენო ცენტრ ROMEXPO-ში, უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩაატარა. წილისყრის შედეგად კონტინენტის 20 საუკეთესო ნაკრები 6 ჯგუფში გადანაწილდა. ტურნირის ფინალური სტადიის კიდევ 4 მონაწილე გუნდი მარტში გასამართ პლეი ოფში გამოვლინდება, რომელშიც 4 საგზურისთვის 16 ნაკრები, მათ შორის საქართველო იბრძვის. 

ევრო 2020. ჯგუფური ეტაპის წილისყრა

ჯერ კიდევ წილისყრამდე ცნობილი იყო, რომ პლეი ოფის D გზის გამარჯვებული, რომლის ვინაობაც 31 მარტს საქართველოში ან ბელარუსში გახდება ცნობილი, ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე ან C ჯგუფში მოხვდებოდა ან F ჯგუფში. 

თუკი ვლადიმირ ვაისის გუნდი პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსს, შემდეგ კი ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს აჯობებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს. 

📋 მეტი ამ თემაზე:

საქმე ისაა, რომ რუმინეთი, რომელიც პლეი ოფის A გზიდან იბრვის ევრო 2020-ზე მოსახვედრად, ევრო 2020-ის ერთ-ერთი მასპინძელია. ამიტომ თუ რუმინეთი გავა ევრო 2020-ზე ის ვერანაირად ვერ მოხვდება F ჯგუფში, სადაც გერმანიის, პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები არიან. რუმინეთის გამარჯვების შემთხვევაში, ეს გუნდი C-ში მოხვდება ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან. 

თუ მარტში პლეი ოფის A გზას ისლანდია, ბულგარეთი, ან უნგრეთი მოიგებს, გამარჯვებული გუნდი F ჯგუფში მოხვდება, რომელსაც უკვე უწოდეს "სიკვდილის ჯგუფი". სიტუაცია მხოლოდ რუმინეთის გამარჯვების შემთხვევაში იცვლება.

წილისყრის დროს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ეს "დეტალი" აღნიშნვნის ღირსადაც არ მიიჩნიეს და D გზის გამარჯვებული პირდაპირ C ჯგუფის გრაფაში ჩასვეს, ხოლო A გზის სავარაუდო გამარჯვებული - F-ში.

ამის გამო მსოფლიოს მასშტაბით ეს დეტალი თავიდან შეცდომაში ისეთ სოლიდურ გამოცემებს ჰქონდათ, როგორიც "კიკერი", ESPN და სხვებია. შორს, რომ არ წავიდეთ, თავად უეფას ოფიციალურ საიტზე იყო წილისყრის შედეგები რამდენიმე წუთით შეცდომით და შემდეგ ჩაასწორეს. 

მოკლედ, თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, ჯერ ასი პროცენტით ცნობილი არ არის, რომ ჩვენი გუნდი მაინცდამაინც, C ჯგუფში იასპარეზებს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ვაისის ნაკრებმა "სიკვდილის ჯგუფში" გერმანიის, ევროპის ჩემპიონ პორტუგალიისა და მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ითამაშოს. ყველაფერი 31 მარტს გაირკვევა...

კომენტარები

ბოლო ამბები