Thumbnail

ჩინელი ახალგაზრდების კერპები, მესი და რონალდო კი არა, ცნობილი გეიმერები არიან

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ჩინეთში პროფესიონალმა გეიმერებმა პოპულარობით ფეხბურთის ვარსკვლავებს გადაუსწრეს
  • ჩინელი ახალგაზრდების უმეტესობა გეიმერის კარიერაზე ოცნებობს

ჩინეთში ელ. სპორტის პოპულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება: ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ჩინელი ახალგაზრდების კერპები ფეხბურთის სუპერ ვარსკვლავები მესი ან რონალდო კი არა, ცნობილი ჩინელი გეიმერები ''შაი'' და ''დუინბი'' არიან. ასეთი შედეგები, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმ პრობლემისა, რომლის გადაწყვეტასაც ჩინეთის მთავრობა ცდილობს: სტატისტიკის მიხედვით, ჩინელი ახალგაზრდების 18 % ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულია.

ელ. სპორტის პოპულარობა ჩინეთში უნივერსიტეტებმაც კი აღიარეს: მაგალითად, ქალაქ პეკინში, გეელის უნივერსიტეტმა, ონლაინ თამაშების გაკვეთილები კურიკულუმში ჩართო. ხოლო შენიან სითი უნივერსიტეტმა, გეიმერებისთვის სპეციალური კურსიც კი შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს გეიმერული უნარების გაუმჯობესებასა და მოწინააღმდეგეების დამარცხებაში დაეხმარება და სტუდენტებს თამაშების დეველოპმენტის, პროფესიონალურ სცენაზე თამაშისა და ელ. სპორტის კომენტატორობის მიმართულებით მისცემს განათლებას.

ნახეთ: ჩინურმა უნივერსიტეტმა გეიმერებისთვის სასწავლო კურსი შექმნა!

ჩინეთის მთავრობამ, გამოსცა ბრძანება, რომელმაც 18 წლამდე პირებს საღამოს 10 საათის შემდეგ, დილის 8 საათამდე, ონლაინ თამაშებით დაკავება აუკრძალა, თამაშის დღიური ლიმიტი კი, სამუშაო დღეებში, 90 წუთით განისაზღვრა. 

ამ აკრძალვას ბევრი ახალგაზრდა არ ეთანხმება.

''როგორც წესი, როცა რამეს კრძალავ, ის უფრო პოპულარული ხდება,'' ამბობს ლუ ჩენგი, 20 წლის სტუდენტი, რომელიც დღეში 3 საათს უთმობს კომპიუტერულ თამაშებს, ხოლო, თუ საქმე არ აქვს, მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს. მისი აზრით, კომპიუტერულ თამაშებზე საათობრივი ზღვარის დაწესება მათ პოპულარობას არ შეამცირებს და საპირისპირო შედეგს გამოიღებს. 

''თუ ახალგაზრდებს თამაშებს ავუკრძალავთ, ეს მათ კიდევ უფრო მოუნდებათ. '' ამბობს ლუ. ''ბავშვები ჩათვლიან, რომ კომპიუტერული თამაშები მაგარი რამეა, თუ ის მხოლოდ უფროსებისთვისაა. არა მგონია, ეს სწორი გზა იყოს პრობლემის გადასაჭრელად.''

პარალელურად, კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი კომპანიებიც აცხადებენ, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, საკუთარი თამაშების რეკლამირებისას ახალგაზრდების დამოკიდებულება არ წაახალისონ.

''კომპიუტერულ თამაშებს, მიჩვევადობის გარდა, ბევრი სხვა თვისებები აქვს. მათ შორის, დადებითი თვისებებიც,'' აცხადებს ოსკარ ლოპესი, რომელიც ერთ-ერთი ჩინური დეველოპერული კომპანიის უფროსი მენეჯერია. ''ისინი კარგი გასართობია და ტვინს ავითარებს, გარდა ამისა, მოთამაშეს ისეთ ჩვევებს სძენს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგია.''

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ჩინეთში თამაშების წარმოუდგენელ პოპულარობას და თამაშებზე დამოკიდებულების ზრდას ხელს უწყობს, ელ. სპორტის ტურნირები და სთრიმინგ პლატფორმების პოპულარობაა. ჩინეთში კომპიუტერული თამაშების ბაზარი ყველაზე დიდია და პოპულარულ გეიმერებს ფულის შოვნა არ უჭირთ. მაგალითად, ცნობილი ონლაინ მულტფლეიერის League of Legends-ის ლაივ მატჩებმა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 100 მილიონზე მეტი მნახველი მოიზიდა. ამის მიზეზი, ალბათ, ისიცაა, რომ ლიგის ფინალები ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩინურმა გუნდებმა მოიგეს.

ჩინელი ახალგაზრდების ''კერპი,'' პროფესიონალი გეიმერი ''დუინბი''

სწორედ ეს წარმოუდგენელი პოპულარობაა იმის მიზეზი, რომ ჩინელი ბავშვები, მესისა და რონალდოს მსგავს კარიერაზე კი არა, ელ. სპორტის ვარსკვლავობაზე ოცნებობენ. ამისი კარგი მაგალითია ჩინელი ელ. სპორტის ვარსკვლავები ''დუინბი'' რომელიც 22 წლისაა და ჩინურ სოციალ ქსელ weibo-ში 4 მილიონი გამომწერი ჰყავს. კიდევ ერთ პროფესიონალ გეიმერ ''შაის'' კი, რომელიც სულ რაღაც 20 წლისაა, 1,4 მილიონი.

''ცნობილი გეიმერები დიდ ფულს იგებენ და მათნაირ ცხოვრებაზე ბევრი ბავშვი ოცნებობს,'' ამბობს იან ფენი, ჩინური კომპანია Wangjing Education-ის თამაშებზე დამოკიდებულების დეპარტამენტის მენეჯერი. ''ინდუსტრია არ უნდა არიდებდეს თვალს იმ უარყოფით ეფექტებს, რომელიც თამაშებს შეიძლება ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაზე.''

ნახეთ: ჩინელი გეიმერის 1 300 000 $-იანი პერსონაჟი მისმა მეგობარმა შემთხვევით 643 $-ად გაყიდა

გასაკვირი არაა, რომ ბოლო დროინდელი აკრძალვებისა და რეგულაციების მიუხედავად, ჩინელი ახალგაზრდები უამრავ გზას პოულობენ კომპიუტერული თამაშებით გასართობად. მაგალითად, საკუთარი მშობლების ID ბარათებით ქმნიან ექაუნთებს, ხოლო იმ საიტებისთვის, რომლებზე სახის ამომცნობი სისტემა მოქმედებს, მძინარე მშობლებს სურათებს უღებენ და ამ გზით ატყუებენ სისტემას.

''ჩვენი თამაშების რეგულაციის კანონები პრობლემას მხოლოდ ზედაპირულად უყურებს,'' ამბობს იანგი. ''თამაშების საათების შეზღუდვა ამ პრობლემას არ მოაგვარებს. მშობლები ბავშვების თამაშებზე დამოკიდებულებას ვერ შეებრძოლებიან; ისინი თავადვე არიან დამოკიდებული საკუთარ სმარტფონებზე და შვილებს ცუდ მაგალთს აძლევენ.''

თუმცა, ზოგიერთი ჩინური კომპანია თამაშებთან დაკავშირებულ გაკვეთილებს არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც სთავაზობს. მსგავსი სასწავლო კურსები მშობლებისთვის ვიდეო თამაშების არსის განმარტებას ემსახურება. ისინი ცდილობენ, მშობლებს აუხსნან, რომ ვიდეოთამაშები ''ბოროტი'' გასართობი არ არის და ის მოთამაშის ხელთ არსებული იარაღების სწორად გამოყენებისა და სწრაფი რეაგირების უნარებს ავითარებს. ხოლო ბავშვებში თამაშებზე დამოკიდებულებას არა მათი აკრძალვით, არამედ დისციპლინისა და ნებისყოფის გამომუშავებით უნდა ებრძოლონ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები