Thumbnail

გარი ლინეკერი: 'ვერ გამიგია, რატომ ანიჭებენ ოქროს ბურთს ამხელა მნიშვნელობას'

  • ინგლისის ნაკრეგბის ყოფილმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთზე ისაუბრა
  • ექსპერტის აზრით, ობიქტურად, ჯილდოს ლიონელ მესი იმსახურებს
  • 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას 2 დეკემბერს შევიტყობთ 

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარი ლინეკერი მიიჩნევს, რომ საზოგადოება ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "ოქროს ბურთს", რომელსაც წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაცემენ.

ლინეკერი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ბრიტანულ არხზე ექსპერტად და წამყვანად მუშაობს, აცხადებს, რომ ჯილდოს არა ობიექტურად წლის საუკეთესო ფეხბურთელს - ლიონელ მესის, არამედ ჩემპიონთა ლიგის მომგები კლუბის საუკეთესო მოთამაშეს აძლევენ.

ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოს მსგავსად, 5 ოქროს ბურთი აქვს მოგებული

"ვერ გამიგია, რატომ ანიჭებენ ადამიანები "ოქროს ბურთს" ამხელა მნიშვნელობას. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. არადა, ეს სისულელეა. 

რეალურად, ამ ჯილდოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა იღებდეს, მაგრამ როგორც წესი, ჯილდოს იღებს იმ კლუბის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია.

გასულ სეზონში მესი არაჩვეულებრივად თამაშობდა და მას სტატისტიკაც საოცარი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოსკენ ბარსელონა ცოტა გადაღლილი ჩანდა. მოდით, ვნახოთ, ამჯერად ვინ გაიმარჯვებს", - ამბობს ლინეკერი.

უეფამ ვირჯილ ვან დაიკი უკვე აღიარა 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად

 
2019 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის ვინაობა 2 დეკემბერს გამოცხადდება. ჯილდოსთვის ლიონელ მესის კონკურენტები ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული) და კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) არიან.

ახლახან ესპანურ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ჯილდოს სწორედ არგენტინელ ვარსკვლავს მისცემენ, თუმცა მანამდე ბუქმეკერები უპირატესობას ჩემპიონთა ლიგის ბოლო გამარჯვებულ ვირჯილ ვან დაიკს ანიჭებდნენ.

ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, ჯილდო ყველზე მეტჯერ - 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ბოლოს არგენტინელი "ოქროს ბურთის" მფლობელი 2015 წელს გახდა. მას შემდეგ ორჯერ კრიშტიანო რონალდომ გაიმარჯვა, შარშან კი ჯილდო მადრიდის რეალის ხორვატ ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს მიაკუთვნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები