Thumbnail

NBA | კარმელოს პირველი ორმაგი დუბლი ბლეიზერსში - პორტლენდმა ჩიგაკოს მოუგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პორტლენდი 107:103 ჩიკაგო
  • კარმელო ენტონიმ ბლეიზერსში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა
  • პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა   

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა საკუთარ მოედანზე ჩიკაგო ბულსი მიიღო და კარმელო ენტონის ორმაგი დუბლის წყალობით, მეტოქე 4-ქულის სხვაობით, ანგარიშით 107:103 დაამარცხა. პორტლენდმა ჩიგაკოს ბოლო ოთხ დღეში მეორედ მოუგო.

დემინელ ლილარდმა და კარმელო ენტონიმ ჯამში 51 ქულა ჩააგდეს

 პირველი მეოთხედში თანაბარი თამაში გამოვიდა და ის სტუმართა მცირე უპირატესობით დასრულდა - 28:25, მაგრამ მეორეში პორტლენდმა არამხოლოდ ჩამორჩენა გააბათილა, დიდ შესვენებამდე ანგარიშშიც დაწინაურდა - 53:47. მესამე პერიოდში უკეთესი კვლავ ჩიკაგო იყო, რომელმაც 12-წუთიანი მონაკვეთი 31:28 მოიგო, თუმცა მეტი ვეღარ შეძლო. ბოლო პერიოდიც მასპინძელთა უპირატესობით დასრულდა.

გამარჯვებულთა შორის კარმელო ენტონი გამოირჩა, რომელმაც თამაშიდან 16-ჯერ ესროლა და აქედან 8-ჯერ ზუსტად, საბოლოოდ კი თამაში 23 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. 35 წლის ფორვარდისთვის ბლეიზერსში ეს პირველი ორმაგი დუბლია.

📺 კარმელოს ორმაგი დუბლი ჩიკაგოსთან 

პორტლენდში ყველაზე მეტი - 28 ქულა, გამთამაშებელ დემიენ ლილარდს ჰქონდა. მასპინძლებს 20 ქულით სი ჯეი მაკოლუმი, ხოლო 19-ით როდნი ჰუდი დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ერთ მატჩში დაფარების რაოდენობით ბლეიზერსის რეკორდი გააუმჯობესა ჰასან უაითსაიდმა. პორტლენდის ცენტრის ანგარიშზე 10 ბლოკი, ასევე, 8 ქულა და 15 მოხსნა იყო. სტუმართა რიგებში 28 ქულა მიითვალა ზაკ ლავინმაც.

📺 უაითსაიდის 10 ბლოკი

პორტლენდისთვის ეს რეგულარულის 20 მატჩში მოპოვებული მერვე, ზედიზედ კი მესამე გამარჯვებაა. კარმელო ენტონის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს, სტუმრად ლოს ანჯელეს კლიპერსთან გამართავს. 

ჩიკაგო, რომელმაც ზედიზედ მესამედ წააგო, აღმოსავლეთში მე-12 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 3 დეკემბერს, სტუმრად საკრამენტოსთან ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები