Thumbnail
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში დაბრუნების პერსპექტივაზე ისაუბრა
  • შვედის თქმით, მას 50 წლამდეც შეუძლია ფეხბურთის თამაში

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიურ ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში მილანში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ შვედი გოლეადორი უკვე 38 წლისაა, კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და დიდი ალბათობით, კიდევ საკმაოდ დიდხანს არ იფიქრებს.

“მილანი ჩემთვის მეორე სახლია. ეს ქალაქი ჩემთვის უბრალოდ მეორე სახლი კი არ არის, არამედ ზუსტად მეორე სახლია! მიყვარს იტალია და იტალიელები. იქ გატარებულ წლებთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. თუკი იქნება პროექტი, რომელიც მოტივაციას შემმატებს, ამ დონეზე ფეხბურთის თამაში 50 წლამდე შემიძლია,” - განაცხადა ზლატანმა ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში.

ზლატანი მილანში 2010-დან 2012 წლამდე თამაშობდა

ზლატანმა MLS-ში გატარებული პერიოდიც შეაფასა: “ლოს ანჯელესში ჩემი თავგადასავალი ახლახან დამთავრდა. ეს ფანტასტიკური პერიოდი იყო. ახლა ორი სამყაროს ორი გმირი არსებობს - მე და ჯუზეპე გარიბალდი.”

ხსენებულ ინტერვიუში იბრაჰიმოვიჩმა ბოლონიას მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩზეც ისაურა, რომელიც ლეიკემიას ებრძვის: “სინიშას ხშირად და ბევრს ველაპარაკები. ის ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანი და განუმეორებელი კაცია.” 

📋 მეტი ამ თემაზე

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ლოს ანჰელეს გელექსისთან კონტრაქტი უმთავრდება. 2020 წლის პირველი იანვრიდან იბრა ოფიციალურად გახდება თავისუფალი აგენტი. იტალიაში მას მილანი, ბოლონია და ნაპოლი ეპატიჟებიან. ზლატანის გადაბირებით გერმანული დორტმუნდის ბორუსიაც დაინტერესებულია. შვედი მილანში 2010-დან 2012 წლამდე თამაშობდა, მილანის ინტერის ღირსებას კი 2006-დან 2009 წლამდე იცავდა.

გავრცელებული ცნობებით, მილანის ლეგენდები და ამჟამინდელი ხელმძღვანელები, პაოლო მალდინი და ზვონიმირ ბობანი ზლატანის აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს უკანასკნელი 18-თვიან კონტრაქტს და 6 მილიონ ევროს ითხოვს, როსონერი კი შვედს 4 მილიონს სთავაზობს.

კომენტარები

ბოლო ამბები