Thumbnail

დორტმუნდი ჯეიდონ სანჩოს იშორებს - მიზეზი ინგლისელი ტალანტის უდისციპლინობაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დორტმუნდი 19 წლის ინგლისელის სასწრაფოდ გაყიდვას აპირებს
  • გერმანულ კლუბს ფეხბურთელში 120 მილიონი ევროს მიღება სურს
  • ტალანტის გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება 

დორტმუნდის ბორუსიას სურს, ჯეიდონ სანჩო მაქსიმალურად სწრაფად გაასხვისოს. გერმანულ კლუბში იმედოვნებენ, რომ 19 წლის ინგლისელი შემტევი ნახევარმცველის გაყიდვას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ზამთარშივე მოახერხებენ. 

დორტმუნდში სანჩო უდისციპლინობის გამო აითვალწუნეს. როგორც ჩანს, ბოლო წვეთი ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის (1:3), ლუსიენ ფავრის გუნდის შეკრებაზე ფეხბურთელის დაგვიანება იყო. მწვრთნელმა სანჩო თადარიგში დატოვა და მხოლოდ შეცვლაზე ათამაშა.

იქამდე კი იყო ბაიერნთან ბუნდესლიგის მატჩი (0:4), რომელშიც ლუსიენ ფავრმა ჯეიდონი მოედნიდან უკვე 36-ე წუთზე გაიყვანა, სათანადო ჟინის უქონლობის გამო. კიდევ უფრო ადრე, ოქტომბერში, კლუბმა ფეხბურთელი ნაკრების შეკრებიდან დაგვიანებით გამოცხადების გამო, ჯარიმითა და მატჩის გამოტოვებით დასაჯა. 

ლუსიენ ფავრის სანქციებმა ინგლისელზე დადებითად ვერ იმოქმედა

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დორტმუნდში სანჩოზე გული აიცრუეს, ფეხბურთელის წარმომადგენლების საქციელია, რომლებმაც ტრანსფერისთვის მზადება წინასწარ და გამომწვევად დაიწყეს. ინგლისური მედია წერს, რომ გერმანული კლუბის ბოსებსა და ჯეიდონის აგენტებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.

ახალგაზრდა ინგლისელი ტალანტით არაერთი ცნობილი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის: მანჩესტერ იუნაიტედი, ლივერპული, მადრიდის რეალი და პარი სენ-ჟერმენი. დორტმუნდს ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელთანაც კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, 120 მილიონ ევრომდე თანხის მიღება სურს. 

მიმდინარე სეზონში ჯეიდონ სანჩომ დორტმუნდის მაისურით ყველა ტურნირის 18 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და შეასრულა 9 საგოლე პასი. ფეხბურთელმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები