Thumbnail

‘რა გამომდის, ქომაგმა განსაჯოს’ - სანაძის გუნდს ლიდერთან მატჩი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დუდა სანაძის ოლივეირენშე, დღეს, პორტუს უმასპინძლებს
  • ქართველმა კალათბურთელმა ცენტრალურ თამაშზე კომენტარი გააკეთა

დუდა სანაძის ოლივეირენშეს, დღეს, პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ქართველი ლეგიონერის გუნდი 8 ტურის თავზე დაუმარცხებელ ლიდერ პორტუს დაუხვდება და თუკი იმარჯვა, მეტოქეს გაუთანაბრდება.

პრინციპული თამაშის წინ, პორტუგალიის კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი გუნდების წარმომადგენლებს ესაუბრა და ოლივეირენშეს მხრიდან რესპონდენტად სწორედ სანაძე შეარჩია.

“პორტუ ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელიც დაცვასა და შეტევაში ერთნაირი წარმატებით ირჯება. ისინი ბურთს სწრაფად ათამაშებენ, თუმცა, მატჩისთვის ჩვენც კარგად ვართ მომზადებული.

ის, რომ შინ ვთამაშობთ, მნიშვნელოვანია, თუმცა, არა - გადამწყვეტი. ოლივეირენშე ნელ-ნელა იმ ფორმას იბრუნებს, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონობა მოუტანა, ამდენად, ყველა დარჩენილი თამაშის მოგება გვსურს, როგორც სახლში, ასევე – გასვლაზე.

უმაღლეს დონეზე გამოცდილება ნამდვილად არ მაკლია და მინდა, ეს ყველაფერი პორტუგალიის ჩემპიონატშიც წარმოვაჩინო. ეს, რამდენად გამომდის, ქომაგებმა განსაჯონ.

ოლივეირენშეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქ ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული. ჩინებული ატმოსფეროა შექმნილი და ფანებისგანაც დიდ სითბოს ვგრძნობ”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი პორტუგალიურ კლუბს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა, ოლივეირენშეს წამყვან მოთამაშედ მოკლე ხანში იქცა.

ამ დროისთვის, დუდას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 27.0 წუთი, 19.8 ქულა, 5.6 მოხსნა, 3.6 პასი.

ოლივეირენშესა და პორტუს დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები